ქალები თვითმმართველობაში

ISFED: მუნიციპალიტეტებში გენდერული დისბალანსი შემაშფოთებელია

საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გენდერული დისბალანსი შემაშფოთებელია - ასეთია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კვლევის შედეგი, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა. 

კვლევის ავტორებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გენდერული მონიტორინგი ჩაატარეს და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის გაძლიერებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები შეიმუშავეს.

საქართველოს 71 თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს შემადგენლობის შესწავლამ აჩვენა, რომ წელს არჩეული 2083 დეპუტატიდან, მხოლოდ 11% ანუ 242 ქალია.

ეს მაჩვენებელი 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ უმნიშვნელოდ, 0,6 პროცენტით გაუმჯობესდა. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს არჩეული 12 მერიდან ყველა კაცია. რაც შეხება გამგეობებს - ქვეყანას 69 გამგებელი ჰყავს და მათგან ქალი მხოლოდ ორია. 

თელავის, ფოთის, მცხეთის, წალკისა და ასპინძის საკრებულოებში არც ერთი ქალი არ არის წარმოდგენილი. ქალები 47%-ით წარმოდგენილნი არიან მხოლოდ ოზურგეთში, რაც გამონაკლისი შემთხვევაა. ქალთა პოპულაცია 20%-ზე მეტით არის წარმოდგენილი ასევე საქართველოს კიდევ 11 ქალაქის საკრებულოში, მათ შორის თბილისში. 

აღსანიშნავია, რომ წინა არჩევნებთან შედარებით თბილისში ქალთა წარმომადგენლობა 7%-ით არის გაზრდილი. ასევე შეინიშნება გაუმჯობესება გურიაში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთის მხარეში. 

კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ გენდერული ბალანსირების გზა კვოტირების მექანიზმის დროებითი შემოღებაა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ჩიორა თაქთაქიშვილი კი აცხადებს, რომ პარტიის ქალთა ორგანიზაცია ასევე ემხრობა კვოტირების ზომას, თუმცა მთავარ ოპოზიციურ პარტიას ამასთან დაკავშირებით ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.

კომენტარები