საავტომობილო გზა რუსეთთან

ალასანია: ვაკონტროლებთ ყველა გადაადგილებას, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში ხდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველო აკონტროლებს თუ რა ტიპის ინფრასტრუქტურა შენდება საქართველოს მახლობლად, ჩრდილოეთ კავკასიაში. ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებს მთავრობის გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. თავდაცვის მინისტრი ტაბულას კითხვას გამოეხმაურა, რომელიც დაღესტნის მონაკვეთზე რუსეთის მიერ გზის მშენებლობას ეხებოდა:

"საქართველოს შეიარაღებული ძალები აანალიზებს ყველა გადაადგილებას - ინფრასტრუქტურულს თუ სამხედროს, რომელიც ჩრდილო კავკასიაში, ასევე ოკუპირებულ რეგონებში ხდება და აქედან გამომდინარე, შესაბამის ოპერატიულ გეგმებს იმუშავებს". 

ცნობისთვის, საქართველოს რუსეთთან კიდევ ერთი გზის მონაკვეთი დააკავშირებს: დაღესტანში, აგვისტოს თვიდან ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც საქართველოსთან შემაერთებელი 83-კილომეტრიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. გზის გაყოლებაზე აშენდება 25 ხიდი და 5 გვირაბი. აღნიშნული ობიექტი მახაჩყალა-თბილისის 470-კილომეტრიანი საავტომობილო მარშრუტის პროექტის ნაწილია. ქართული მხარის განცხადებით, ეს რუსეთის ტერიტორიაა და სწორედ რუსეთის გადასაწყვეტია, რა ტიპის პროექტებს გააკეთებს თავის ტერიტორიაზე.

ავარეთ-კახეთის გზის აღდგენაში რუსეთის ინტერესები ჯერ კიდევ 2008 წელს გამოიკვეთა, როდესაც აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაღესტნის მთიანეთში არსებულ სამხედრო ბაზას ესტუმრა. პუტინს აინტერესებდა, რამდენად შეძლებდა სამხედრო აღჭურვილობა ამ მიმართულებით მოძრაობას და სამხედროებმაც დაარწმუნეს, რომ დაღესტნის მხრიდან საქართველოს მიმართულებით მძიმე ტექნიკა, მათ შორის, ტანკებიც უპრობლემოდ გაივლიდა. 

კომენტარები