სამომხმარებლო ბაზარი

აშშ-ში ნებისმიერს, ვისაც Red Bull-ი დაულევია, $10-ის მოთხოვნა შეუძლია

Getty Images

აშშ-ში ნებისმიერს, ვისაც 2002 წლიდან დღემდე Red Bull-ი დაულევია, შეუძლია კომპანიისგან $10 მიიღოს. NBC News-ის ცნობით, Red Bull-მა სასამართლო განხილვა წააგო, რომელზედაც მისი მარკეტინგული კამპანია Wings ანუ "რედ ბული აფრთიანებს" იყო გასაჩივრებული. მოსარჩელეების თქმით, სასმელის დალევის შემდეგ ისინი საკუთარ თავს ვერანაირ ცვლილებას ვერ ამჩნევდნენ. Red Bull-ი კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა აქსესუარსა და ბროშურასაც ავრცელებდა, რომლებშიც სასმელის პროდუქტიულობაზე იყო საუბარი.

ნიუ იორკის ოლქის სასმართლოს თქმით, სასმელი არ წარმოადგენს ჭიქა ყავაზე უფრო ძლიერ კოფეინის წყაროს და მას არ შეუძლია ადამიანისთვის რაიმე აღმატებული ძალის მინიჭება, შესაბამისად, კომპანიის მარკეტინგული კამპანია უსაფუძვლო იყო.

სასამართლო პროცესი სრულად ჯერ არ დასრულებულა, თუმცა კომპანიამ უკვე განაცხადა თანხმობა ცრუ მარკეტინგული კამპანიის შედეგების ასანაზღაურებლად $13 მილიონის გაღებაზე. Red Bull-მა სპეციალური ფორმაც შექმნა, რომლის შევსების შემდეგაც კომპანია აშშ-ში თითოეულ განაცხადზე $10-ს გასცემს. განაცხადების შემვსებს შეუძლია აირჩიოს $10-ის კომპენსაცია ან $15-ის ღირებულების Red Bull-ის პროდუქტები. კომპანია თანხებს 2015 წლის გაზაფხულზე დააბრუნებს.

მომხმარებელს არ მოუწევს რაიმე დამადასტურებელი ცნობის წარდგენა, რომ მან მართლაც შეიძინა Red Bull-ი ამ პერიოდის განმავლობაში.

Red Bull-ი სასამართლო პროცესის შემდეგ მედიასთან ამ თემაზე საუბარს ერიდება. კომპანიის განცხადებით, საკუთარ მარკეტინგულ კამპანიებში ყოველთვის სიმართლეს ასახავდნენ. სასამართლომ რეკომენდაციაც მიიღო, რომლის მიხედვითაც Red Bull-მა მარკეტინგული სტრატეგია უნდა შეცვალოს.

კომპანია თანხას მხოლოდ აშშ-ის მომხმარებლებს დაუბრუნებს. 

კომენტარები