კონფლიქტი სტუდენტებს შორის

დაპირისპირება ქართველ და ერაყელ სტუდენტებს შორის

ug.edu.ge

საქართველოს უნივერსიტეტში ქართველ და ერაყელ სტუდენტებს შორის კონფლიქტი მოხდა. დაპირისპირება გუშინ დაიწყო, მაშინ, როდესაც უნივერსიტეტის ერაყელი სტუდენტები საკუთარი კულტურის დღეს აღნიშნავდნენ.

უნივერსიტეტის წარმომადგენელთა თქმით, კონფლიქტში მონაწილეობას ძირითადად უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით შესული ადამიანები იღებდნენ, თუმცა, მათ შორის იყო უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტიც.

"ზოგადად ქართველები ტოლერანტულ ერად ვითვლებით, ეს ფაქტები კი ხაზს უსვამს იმ შეხედულებებს, რაც ჩვენ აქამდე ჩვენს თავზე გვქონდა. გუშინ ჩვენი ერაყელი სტუდენტები საკუთარი კულტურის დღეს აღნიშნავდნენ. სამწუხაროდ, ქართველებმა ერთი დღეც ვერ ავიტანეთ, რომ ეს ადამიანები იყვნენ ლაღები და იქცეოდნენ ისე, როგორც უნდა იქცეოდეს სტუდენტი, თავისუფლად და ბუნებრივად, უნივერსიტეტის სივრცეში“, - აღნიშნა საქართველოს უნივერსიტეტის კანცლერმა, კონსტანტინე თოფურიამ.

"ძალიან ვწუხვართ, რომ ესეთ შემთხვევებს აქვს ადგილი, რადგან უნივერსიტეტი არის დაწესებულება, სადაც ადამიანი იღებს განათლებას, განათლება კი ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და, რაც მთავარია, ღირებულებების ნაკრებია. ჩვენი მიზანია, რომ აღვზარდოთ სწორი ღირებულებების მქონე ახალგაზრდები და ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ. დღეიდან ვაპირებთ სტუდენტებისთვის განსაკუთრებული აღმზრდელობითი ღონისძიებების ჩატარებას“, - ამბობს უნივერსიტეტის კანცლერი.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. უნივერსიტეტი მომხდარზე მკაცრ, მაგრამ სამართლიან რეაგირებას აპირებს. 

კომენტარები