პოლიცია

მაესტროს ჟურნალისტი: პოლიციელმა სასქესო ორგანო გვაჩვენა

ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტის ირაკლი ვაჩიბერიძის ინფორმაციით, სამტრედიის პოლიციასთან, პოლიციელმა მედიის წარმომადგენლებს სასქესო ორგანო აჩვენა. ამის შესახებ facebook-ში მაესტროს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჟიჟილაშვილი წერს და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს ნინო გიორგობიანს მიმართავს.

"მართალია, მაესტროს რეპორტიორმა ეს დახურულ ჯგუფში დაგვიწერა, მაგრამ ნოვაციაა და მგონია, რომ უნდა იცოდეთ" - მიმართავს ჟიჟილაშვილი გიორგობიანს და ვაჩიბერიძის ნაამბობს აქვეყნებს.

"ასეთი არაფერი მინახავს... სამტრედიის პოლიციასთან დაკავებულის ახლობლები იყვნენ შეკრებილები. ამ დროს, ფანჯრიდან პოლიციელმა დაუსტვინა. ავიხედეთ და მან სასქესო ორგანო გვაჩვენა... სადმე რომ არ დამეწერა, არ შემეძლო" - წერს ჟურნალისტი მაესტროს დახურულ ჯგუფში.

ნინო ჟიჟილაშვილს Facebook-თვე გამოეხმაურა ნინო გიორგობიანი.

"მოვიკითხე ეს ამბავი და მითხრეს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. თუ რაიმე კადრები გაქვთ, გამომიგზავნეთ ან გამოაქვეყნეთ" - მიმართა შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა მაესტროს საინფორმაციო სამსახურის უფროსს. ნინო ჟიჟილაშვილის თქმით კი, მათ ჰყავთ მოწმეები - მაესტროს  გადამღები ჯგუფი, ადვოკატი და დაშავებულის ოჯახის წევრები.

"ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვფიქრობ, თქვენსავე ინტერესშია, სიტყვაზე გვენდოთ" - აღნიშნავს ჟიჟილაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის პატიმრის გიორგი ადეიშვილის ახლობლები სამტრედიის პოლიციას დაკავებულის ცემაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, სამართალდამცავები გიორგი ადეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, გიორგი ადეიშვილი პრობაციონერი იყო, პოლიცია მას ერთ-ერთ ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების ფაქტის საკუთარ თავზე აღებას სთხოვდა და ამის გამო დააკავეს. 

კომენტარები