ევრაზიული ეკონომიკური კავშირი

სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი გახდა

სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი გახდა. მინსკში ვლადიმირ პუტინთან, ნურსულთან ნაზარბაევთან და ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ერთად, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლა ნიშნავს, რომ სომხეთმა ტრადიციული ლიბერალური სავაჭრო მიდგომა, კავშირში შემავალი სამი ქვეყნის პროტექციონისტული პოლიტიკით უნდა ჩაანაცვლოს.

"დარწმუნებული ვარ, ამ ისტორიული დოკუმენტის ხელმოწერა ევრაზიულ სივრცეში ინტეგრაციის ახალ ეტაპს მისცემს დასაბამს. კარგად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ხელშეკრულებასთან პირველი შეერთებით საკუთარ თავზე ვიღებთ", - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა.

ევრაზიულ კავშირში გაერთიანებისაკენ მიმავალ სტრატეგიაზე ხელი 29 მაისს ასტანაში მოეწერა, სადაც ყირგიზეთს პრეზიდენტი, ალმაზბეკ ატამბაევი, რუსეთს კი ვლადიმერ პუტინი წარმოადგენდნენ. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, და ყაზახეთის მმართველმა, ნურსულთან ნაზარბაევმაც.

ქვეყნის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას სომხეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

სომხური მედიის ინფორმაციით აქციის ორგანიზატორები მინსკში გაფორმებულ შეთანხმებას დამოუკიდებლობაზე უარის თქმად აფასებენ. 

"გასულ წელს სერჟ სარგსიანმა არჩევნებზე ხალხის ხმები მოიპარა და თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ზუსტად ხუთი წლის წინ მან ხელი მოაწერა ანტისახელმწიფოებრივ სომხურ-თურქულ პროტოკოლს. დღეს კი სერჟ სარგსიანმა ისე, რომ ამის უფლება არ ჰქონდა, ხელი მოაწერა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას და ამით ხაზი გადაუსვა სომხეთის დამოუკიდებლობას", - განაცხადა პარტია მემკვიდრეობი" ლიდერმა რაფი ოვანესიანმა. 

კომენტარები