ებოლას ეპიდემია

ებოლას მსხვერპლთა რიცხვმა 4000-ს გადააჭარბა

Getty Images

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ებოლას ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 4000 ადამიანს გადააჭარბა. 8 ოქტომბრის მონაცემებით, დარეგისტრირებული 8399 შემთხვევიდან სიკვდილით 4033 დასრულდა.

ეპიდემიის მსხვერპლთა ყველაზე დიდი რაოდენობა ლიბერიაში ფიქსირდება და 2316 ადამიანს შეადგენს. მეორე ადგილზეა სიერა ლეონე, სადაც დაღუპულთა რიცხვმა წინა კვირას რეკორდულ მაჩვენებელს, დღეში 121 ადამიანს მიაღწია.

ლიბერიის პარლამენტმა მხარი არ დაჭირა ინიციატივას, რომელიც  ვირუსისგან გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად პრეზიდენტისთვის დამატებითი ძალაუფლების მინიჭებას გულისხმობდა. პრეზიდენტმა ელენ ჯონსონ სირლიფმა უკვე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რაც მას კარანტინის შემოღების უფლებას ანიჭებს. რამდენიმე პარლამენტარის განცხადებით, პრეზიდენტისთვის დამატებითი ძალაუფლების მინიჭება ლიბერიას პოლიციურ სახელმწიფოდ აქცევდა.

გაეროს ცნობით, ებოლას ვირუსს დასავლეთ აფრიკაში მომუშავე 233-ზე მეტი მედიცინის მუშაკი ემსხვერპლა. ერთ-ერთი მედდა დღესაც მკურნალობს ესპანეთში. მას ებოლას ვირუსი ლიბერიიდან ესპანეთში ჩასული პაციენტისგან გადმოედო. ეს ებოლას პირველი შემთხვევაა, რომელიც ევროპაში დაფიქირდა. ესპანეთში კიდევ შვიდი სხვა ადამიანია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა მათ ვირუსი ჯერ არ აქვთ დადგენილი.

ესპანეთის პრემიერმინისტრის, მარიანო რახოის თქმით, პარასკევს, 10 ოქტომბერს, ებოლასთან საბრძოლველად სპეციალური კომიტეტი შეიქმნა და სახელმწიფოს ამ კუთხით ნათელი სამოქმედო გეგმა გააჩნია. 

ებოლას ვირუსის შემთხვევა პირველად მარტში, გვინეაში დაფიქსირდა და შემდეგ მეზობელ ლიბერიას და სიერა ლეონეს მოედო.

კომენტარები