CineDOC-Tbilisi

CineDOC-Tbilisi იწყება

2013 წელს დაარსებული დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი CineDOC-Tbilisi წელს 14-19 ოქტომბერს გაიმართება.

წლევანდელი პროგრამა მოიცავს ფილმებს საქართველოდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, პორტუგალიიდან, ნიდერლანდებიდან, კვიპროსიდან, ბულგარეთიდან, კანადიდან, ბელგიიდან, ბრაზილიიდან, დანიიდან. სექციებად (საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა, Focus Caucasus, CineDOC-Young) დაყოფილი ფესტივალის ფარგლებში, ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების პროდუქციის გვერდით, საქართველო წარმოადგენს: ზურაბ ინაშვილის "სხვა ქალაქს", შალვა შენგელის "ხელმწიფეს" და ანა ციმინტიას "ბიბლიოთეკას".

CineDOC-Tbilisi-ს მთავარი სექციაა საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა, რომელიც 9 ფილმს მოიცავს. მათ შორის საუკეთესოს შეაფასებს ჟიური, რომლის წევრები არიან: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, დოკუმენტური კინოფესტივალის Vision du Reel-ის დირექტორი ლუჩიანო ბარისონე (შვეიცარია), სიმონე ბაუმანი (გერმანია).

კადრი დანი ვასერმანის ფილმიდან - გჯერათ სიყვარულის? (ისრაელი)
ფოტო: CineDOC-Tbilisi
პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალისთვის კავკასიაში არანაკლებ მნიშვნელოვანია Focus Caucasus-ის სექცია, რომელშიც გაერთიანებულია კავკასიელი კინომეტოგრაფისტების ფილმები და ასევე, ნამუშევრები, რომლებიც სწორედ კავკასიას ეხება. კინოფესტივალის ორგანიზატორების თქმით: Focus Caucasus არ არის მხოლოდ კინოფესტივალის ერთ-ერთი სექცია. ის სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური თანამშრომლობის პლატფორმასაც წარმოადგენს. აღნიშნული სექციის ფორმატში, საქართველოში მოწვეულნი იქნებიან რეჟისორები თუ პროდიუსერები იმისთვის, რომ მაყურებელს თავიანთი ფილმები წარუდგინონ და რეგიონალური თანამშრომლობის მოდელი განიხილონ“. წლევანდელი Focus Caucasus-ის ჟიურის წევრები არიან: გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი შტეფან ვაკვიცი, უკრაინის დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ორგანიზატორი დარია ბაზელი, ამსტერდამის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის წარმომადგენელი მელანი დე ვოხტი.

ახალგაზრდა თაობის განვითარებას ემსახურება SineDOC Young, რომლისთვის შერჩეული ფილმების თემები დაკავშირებულია ისეთ საკითხებთან, როგორიცაა, მაგალითად: დემოკრატია, ადამიანის უფლებები, გენდერი, ეკოლოგია. კინოჩვენებების შემდეგ გაიმართება დისკუსიები, რომლებშიც ბავშვთა ფსიქოლოგებიც იქნებიან ჩართულნი. გამარჯვებული ფილმის გამოვლენის პრეროგატივა, ამ შემთხვევაში, ბავშვებს ექნებათ.    

ვინ უმასპინძლებს ფესტივალს და რითი გაიხსნება? კინოფესტივალთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ CineDOC-Tbilisi-ს პროგრამას უმასპინძლებს ამირანი, რუსთაველი და გოეთეს ინსტიტუტი, სადაც უკრაინის ხმის, სხვა სივრცისა და IDFA ფოკუსის სექციებში შეტანილი ფილმების ჩვენებები გაიმართება. ფესტივალი გაიხსნება დანი ვასერმანის ფილმით გჯერათ სიყვარულის (ისრაელი).  

რაც შეეხება მასტერკლასებს, წლევანდელი CineDOC-Tbilisi-ს ფარგლებში საქართველოში ჩამოსული სიმონე ბაუმანი ევროპაში თანამედროვე კოპროდუქციის შესახებ ისაუბრებს. დოკუმენტური კინემატოგრაფიით დაინტერესებულთ, როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან, საშუალება ექნებათ დაესწრონ მასტერკლასს თანამედროვე დოკუმენტური ფილმის მონტაჟის შესახებ. დისკუსიები და შეხვედრები კაფე დივანში გაიმართება. 

კომენტარები