საპროტესტო აქცია

ლოტკინის გორაზე ორი კორპუსის მოსახლეობა გასახლების შიშით სუიციდით იმუქრება

ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის გორაზე, ზღვის უბნის 204–ე და 205–ე ნომრებში, ე.წ. მეტრომშენის კორპუსებში, პოლიციის გაფრთხილებას, რომ 24 საათში დატოვონ კორპუსები, იქ მაცხოვრებლების პროტესტი მოყვა. ისინი კორპუსების დატოვებას არ აპირებენ. მოსახლეობის ნაწილი სახურავზე ავიდა, მათ ცეცხლი დაანთეს და თვითმკვლელობით იმუქრებოდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სახანძრო. პოლიციამ მოგვიანებით დაკითხა აქციის ერთ–ერთი მონაწილე. ის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მეხუთე განყოფილებაში იმყოფებოდა, სადაც აქციის მონაწილეებმა გადმოინაცვლეს.
როგორც მან ჟურნალისტებს პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ უთხრა, დაკითხვაზე იმისთვის დაიბარეს, რომ შესული იყო ინფორმაცია მისი მხრიდან სუიციდის მცდელობაზე, რაც მან დაუდასტურა კიდეც პოლიციას. ის ამბობს, რომ მაშველებმა გადაარჩინეს.
როგორც ტაბულას რეპორტიორს ადგილზე უთხრეს, გასახლება 100–ზე მეტ ოჯახს შეეხება, მათი ნაწილი მიწისძვრითაა დაზარალებული, ნაწილი კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფია.
ადგილზე მისულმა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ თქვა, რომ კორპუსების საკითხი არის კერძო პირებს შორის დავა, თუმცა, ამ საკითხზე ხვალ მერიაში, 6 საათზე, იმსჯელებენ. აქციაზე მოსახლეობის მხარდასაჭერად მივიდა ნიკა მელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და ირაკლი ღლონტი პარტია რეფორმატორებიდან.
ტაბულა ამ თემაზე დამატებით ინფორმაციას დილიდან მოგაწვდით.

კომენტარები