საავტომობილო გზა რუსეთთან

კვირიკაშვილი ავარეთ-კახეთის გზაზე: რაც უფრო მეტი გზა იქნება, მით უკეთესი

"რაც უფრო მეტი გზა იქნება, მით უკეთესი", - ასე შეაფასა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ავარეთ-კახეთის საავტომობილო გზის მშენებლობა. 

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ განვაახლეთ ვაჭრობა რუსეთთან. ამ თვალსაზრისით, მე ვფიქრობ, ვაჭრობისთვის ხელშემწყობი იქნება რაც უფრო მეტი გზა გვექნება. როდესაც ლარსზე სტიქიით გამოწვეული პრობლემა გვაქვს, მგონი ურიგო არ იქნება ალტერნატივა გვქონდეს, რათა რუსეთ-საქართველოს შორის საქონელმა იმოძრაოს. რაც შეეხება პოლიტიკურ ჭრილს, ეს პრობლემები არავის არ მოუხსნია, არის ეს პრობლემები და ისინი გადაწყვეტას საჭიროებენ. ამისთვის, დიალოგი და საუბარია საჭირო, მაგრამ ის, რომ დავუშვათ, ახალი გზა არსებობდეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ არ არის უსაფრთხოების კუთხით სხვა რაიმე პრობლემა, მე ვფიქრობ, რომ რაც მეტი გზა იქნება, მით უკეთესი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს რუსეთთან კიდევ ერთი გზის მონაკვეთი დააკავშირებს: დაღესტანში, აგვისტოს თვიდან ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც საქართველოსთან შემაერთებელი 83-კილომეტრიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. გზის გაყოლებაზე აშენდება 25 ხიდი და 5 გვირაბი. აღნიშნული ობიექტი მახაჩყალა-თბილისის 470-კილომეტრიანი საავტომობილო მარშრუტის პროექტის ნაწილია. ქართული მხარის განცხადებით, ეს რუსეთის ტერიტორიაა და სწორედ რუსეთის გადასაწყვეტია, რა ტიპის პროექტებს გააკეთებს თავის ტერიტორიაზე.

ავარეთ-კახეთის გზის აღდგენაში რუსეთის ინტერესები ჯერ კიდევ 2008 წელს გამოიკვეთა, როდესაც აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაღესტნის მთიანეთში არსებულ სამხედრო ბაზას ესტუმრა. პუტინს აინტერესებდა, რამდენად შეძლებდა სამხედრო აღჭურვილობა ამ მიმართულებით მოძრაობას და სამხედროებმაც დაარწმუნეს, რომ დაღესტნის მხრიდან საქართველოს მიმართულებით მძიმე ტექნიკა, მათ შორის, ტანკებიც უპრობლემოდ გაივლიდა. 

კომენტარები