საქართველო-რუსეთი

რუსი უფლებადამცველი: საქართველოს მოქალაქე რუსეთში უკანონო პატიმრობაშია

REUTERS

ტაბულას რუსი ჟურნალისტი და უფლებადამცველი ოქსანა ტრუფანოვა დაუკავშირდა და მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის შესახებ. მისი ინფორმაციით, 1981 წელს დაბადებულმა ლევან ნოდარის ძე შენგელიამ ჩელიაბინსკის ოლქში მდებარე კოლონიაში სასჯელი მოიხადა და 4 აპრილს გათავისუფლდა, თუმცა კოლონიიდან გამოსვლისთანავე იგი უშიშროების ფედერალური სამსახურის სპეცრაზმმა დაკავა და წინასწარი გამოძიების იზოლატორში გადაიყვანა.

უფლებადამცველის მტკიცებით, სასამართლომ შენგელიას კანონის დარღვევით უკვე ორჯერ შეუფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულზე. შენგელია საქართველოში ექსტრადირებას მოითხოვს, თუმცა ამაზე უარს ეუბნებიან. სასამართლო პროცესზე მან სამედიცინო დახმარება მოითხოვა, რაზეც მოსამართლისგან უარი მიიღო.
ტრუფანოვას მტკიცებით, ამ საქმის შესახებ მან საქართველოს კონსულს 13 სექტემბერს აცნობა, თუმცა წერილზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

 

კომენტარები