ნობელის ლაურეატები

ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში ჟან ტიროლს მიენიჭა

leblog-boursier.com

შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში ფრანგ ეკონომისტს ჟან ტიროლს მიანიჭა. ნობელის პრემია მას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ფირმებისა და მონოპოლიებისთვის ეფექტიანი რეგულაციების შემოღების თეორიის განვითარებაში გადაეცა. ტიროლი ტულუზის ეკონომიკის სკოლის პროფესორია.

ჟან ტიროლს 8 მილიონი შვედური კრონა გადაეცა.

ტიროლმა ოლიგოპოლიებსა და რეგულაციების საკითხებზე მუშაობა 1980 წლიდან დაიწყო. მისი მრავალრიცხოვანი ნაშრომები სხვადასხვა ინდუსტრიაში არსებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ფირმებისთვის ეფექტური რეგულაციების შემოღებას ეხება, რომელთა მიზანი არა მხოლოდ მომხმარებელთა უფლებების დაცვაა, არამედ, ამავდროულად, თავად კომპანიისთვისაც ხელშემწყობი ნაბიჯების გადადგმასაც მოიაზრებს, რაც ამ კომპანიების პროდუქტიულობის გაზრდას ისახავს მიზნად.

ჟან ტიროლის თეორია მისი წინამორბედების შეხედულებისგან განსხვავდება. ტრადიციული შეხედულების მიხედვით, სახელმწიფომ მონოპოლიების წინააღმდეგ მნიშვნელოვანი შემზღუდველი რეგულაციები უნდა გაატაროს. ტიროლის შეხედულებით, ეს ქმედებები შესაძლოა არაეფექტიანი იყოს, რადგანაც ამ დროს მომხმარებელი შესაძლოა მოგებული დარჩეს, მაგრამ კომპანიის შემოსავლები მცირდება. ტიროლი უფრო კომპლექსური სახის მექანიზმის შექმნაზე მუშაობდა, რომელიც ტრადიციულ მოდელთან შედარებით უფრო ეფექტიანია.

1981 წელს ტიროლი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დოქტორი გახდა, რის შემდეგაც მან სხვადასხვა ინდუსტრიაში არსებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ფირმების ქმედებების შესწავლა დაიწყო. ტიროლს სხვადასხვა ინდუსტრიის შესახებ აქვს თეორიები შემუშავებული.

ჟან ტიროლის ნაშრომებით ფართო დაინტერესება 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ პრემია ეკონომიკაში ალფრედ  ნობელის 1895 წლის ანდერძში არ იყო გათვალისწინებული, იგი 1968 წლიდან სწორედ ნობელის ხსოვნის პატივსაცემად გაიცემა.

 

კომენტარები