Mount Whitney საქართველოში

ბათუმის ნავსადგურში აშშ-ის მე-6 ფლოტის ხომალდი Mount Whitney შემოვიდა

DVIDS

ბათუმის ნავსადგურში აშშ-ის მე-6 ფლოტის საფლაგმანო ხომალდი Mount Whitney შემოვიდა. ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალების წარმომადგენლები საქართველოს ხუთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ.

ხომალდის ეკიპაჟის წევრები შეხვდებიან შს სამინისტროს, საზღვაო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს. გაიმართება შეხვედრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელ პირებთან და ქალაქ ბათუმის მერთან.

დაგეგმილია ანტიტერორისტული და ხანძარსაწინააღმდეგო წვრთნები, რომელშიც, სანაპირო დაცვის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ბათუმის სამაშველო და სახანძრო სამსახურების თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას. გაიმართება ერთობლივი თეორიული და პრაქტიკული წვრთნებიც.

ბათუმის პორტში ყოფნისას Mount Whitney უმასპინძლებს ტურებს, გამართავს კონცერტს და მიღებას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების პატივსაცემად.

ეს Mount Whitney-ს მესამე სტუმრობაა საქართველოში. 2008 წლის სექტემბრის დასაწყისში, რუსეთ–საქართველოს ომიდან რამდენიმე კვირაში მან ფოთის პორტში ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანა; მაშინ რუსულ სამხედრო ძალებს ჯერ კიდევ ეკავათ ორი ბლოკპოსტი ფოთის მისადგომებთან. ბოლოს კი Mount Whitney საქართველოს 2013 წლის ნოემბერში ეწვია.

კომენტარები