საჯარო ფინანსები

რომან გოცირიძე: სამინისტროები 2015 წლის ბიუჯეტის გაფუჭებას ცდილობენ

რომან გოცირიძე
facebook.com/RomanGotsiridze

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით, პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი ოპტიმალურია, თუმცა ცალკეული სამინისტროები თავიანთი მოთხოვნებით ბიუჯეტის დამატებასთან დაკავშირებით, მის გაფუჭებას ცდილობენ. ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც 2015 წლის ბიუჯეტის მახასიათებლები განიხილა.

გოცირიძის თქმით, თუკი 2015 წლისა და მიმდინარე წლის ბიუჯეტს შევადარებთ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ზომიერად, ფრთხილად და ოპტიმალურად არის დაგეგმილი. თუმცა, მისი ვარაუდით, სამინისტროები ბიუჯეტის საბოლოო პროექტში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანენ, რითიც მის გაბერვას გამოიწვევენ.

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის თქმით, ბიუჯეტის შექმნისას მთავრობის წევრები ერთმანეთის კონკურენტები გამოდიან, თუმცა, მისი თქმით, ეს კონკრენცია გასაგებია, რადგან ყველას სურს საკუთარი უწყების ბიუჯეტი გაზარდოს. გოცირიძე ამბობს, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსთან დაპირისპირება კანონმდებლობის არცოდნაზე, კოორდინაციის არქონასა ან სხვა უფრო დიდ პრობლემაზე მიანიშნებს. მისაღებია, რომ ბიუჯეტის პროექტში კორექტირების შეტანას დეპუტატები ითხოვენ, თუმცა, მისი აზრით, არ შეიძლება, ფეხბურთის ფონდს 30 მილიონი ლარი გადაეცეს მაშინ, როცა ჩვენი ნაკრები გიბრალტარსაც ვერ მოუგებს. გოცირიძის თქმით, მთავრობამ ბიუჯეტის შედგენისას პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს. თუ 2015 წლის ბიუჯეტს მიმდინარე წლისას შევადარებთ, ბიუჯეტი დაგეგმილია ზომიერად, ფრთხილად და ოპტიმალურად“, - აღნიშნა გოცირიძემ.

საშინაო ვალის ზრდის გამო რომან გოცირიძემ მთავრობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ 2 წლის განმავლობაში კომერციული ბანკებიდან აღებული სესხი 1 მილიარდს აღწევს, რაც ქვეყანაში მაღალ საპროცენტო განაკვეთს განაპირობებს. მისი თქმით, 2014 წელს მთავრობამ  კომერციული ბანკებისგან  600 მილიონი ლარი ისესხა, მომავალ წელს კიდევ 400 მილიონის სესხად აღებას გეგმავს. გასული 2 წლის განმავლობაში  მთავრობამ სახაზინო ვალდებულებებისა და ემისიის გზით საქართველოს კომერციულ ბანკებს ერთი მილიარდი ლარი გამოართვა. ამ გზით სასესხო ბაზარზე მთავრობა ბიზნესის პირდაპირი კონკურენტი გახდა და უფრო მეტიც, ხელს უწყობს კომერციულ სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნებას, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

გოცირიძე ბიუჯეტში არსებულ სხვა პრობლემებზეც საუბრობს, მისი თქმით, 2014 წლის ბიუჯეტი ოპტიმალურად იყო დაგეგმილი, მაგრამ სახელმწიფო ვერ ახერხებს ამ ბიუჯეტის ათვისებას, რაც მენეჯმენტში არსებული პრობლემების ნიშანია. სამინისტროები ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვერ ასრულებენ, გოცირიძის თქმით, 2014 წლის ცხრა თვის მონაცემებით, ინფრასტრუქტურული პროექტები მხოლოდ 50-60%-ით არის ათვისებული, რაც ცუდი მენეჯმენტის პრობლემას უკავშირდება. ქვეყნის ბიუჯეტში იქმნება ვითარება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის იღებს გარე და შიდა სესხებს და შემდეგ ვალის სახით აღებულ ფინანსებს ვერ ხარჯავს, რაც ისევ ქვეყნის მაკროეკონომიკურ მახასიათებლებზე აისახება ცუდად. 

გოცირიძის თქმით, სახელმწიფომ წინა წლის შეცდომა არ უნდა გაიმეოროს და ბოლო კვარტალში ხარჯვა არ უნდა გაზარდოს - რამაც 2013 წლის ბოლო კვარტალში ქვეყანაში ბრუნვაში არსებული ფულის მოცულობა 37%-ით გაზარდა, საბოლოოდ კი ლარის გაუფასურება და ეროვნული ბანკის რეზერვების $400 მილიონით შემცირება გამოიწვია. გოცირიძის თქმით, მთავრობის არასწორი გადაწყვეტილების გამო დღესდღეობით ეროვნული ბანკის რეზერვები $3 მილიარდის ნაცვლად $2,5 მილიარდამდეა შემცირებული. გოცირიძის თქმით, რეზერების ასეთი ვარდნა 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც არ მომხდარა.

პარლამენტში შესული ბიუჯეტის პირველი ვარიანტის მოცულობა 9,3 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული.

კომენტარები