ფარმაცევტული ბაზარი

ბიზნესმენი ალექსანდრ მაშკევიჩი თბილისში იმყოფება

0 კომენტარი
ფოტო: jewishbusinessnews.com

თბილისში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მეგობარი, ბიზნესმენი ალექსანდრ მაშკევიჩი იმყოფება. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მაშკევიჩი გუშინ საღამოს, რესტორან ფაეტონში შეხვდა ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოსა და ეკონომიკის მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, ასევე ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილსა და დეპუტატ დავით საგანელიძეს. მაშკევიჩმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. რა მიზნით იმყოფება მაშკევიჩი საქართველოში და შეხვდა თუ არა ის დავით სერგეენკოს, ამის გარკვევას ტაბულა ჯანდაცვის სამინისტროსგან ცდილობს.

ცნობილია, რომ ბიზნესმენ ალექსანდრ მაშკევიჩს საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი აინტერესებს. ეს დაადასტურეს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა. კერძოდ, 2013 წლის 9 ოქტომბერს სერგეენკომ თქვა, რომ მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის შექმნის და პირველადი ჯანდაცვის სფეროებში ახალი ინვესტიცია შემოდის, რომელსაც ბიზნესმენი ალექსანდრ მაშკევიჩი განახორციელებს. 

ასევე, 2013 წელს განაცხადა საქართველოს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ "მე უკვე მქონდა მოლაპარაკება ცნობილ ბიზნესმენთან, ჩემს მეგობართან, ჩემი ნაცნობია ძველი. იქნებ ფართო მოხმარების წამლებზე მოვახერხოთ ფასის შემცირება. ძირითადი დასახელება რაც არის, მოვახერხოთ მკვეთრად ფასების დაწევა. რაც კიდევ უფრო გაუიოლებს მოსახლეობას, მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას".

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრ მაშკევიჩი თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელიც არის.

60 წლის ისრაელი მილიარდერი ალექსანდრ მაშკევიჩი ფორბსის სიაში, 2013 წლის მონაცემებით, ისრაელის უმდიდრეს მოქალაქეებს შორის, 1.8 მილიარდი დოლარის კაპიტალით, მე–11 ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. კერძოდ, II ჯგუფის მედიკამენტები რეცეპტით გასაცემ პრეპარატთა ჯგუფში გადავიდა და მათი ყიდვა მომხმარებელს მხოლოდ ექიმის მიერ გაცემული რეცეპტით შეუძლიათ. ასევე, აიკრძალა 18 წელს მიუღწეველ პირზე წამლის გაყიდვა.

რეცეპტის რეფორმიდან რამდენიმე დღეშივე გავრცელდა ინფორმაცია სააფთიაქო ბაზარზე შავი ბაზრის არსებობის შესახებ, კერძოდ, იმაზე, რომ აფთიაქებში სააფთიაქო ექიმი მომხმარებელს ნებისმიერ რეცეპტს აძლევს, რომელიც მხოლოდ ამ კონკრეტულ აფთიაქში მოქმედებს. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 9 სექტემბერს თქვა, რომ რეცეპტის შავი ბაზრის რისკი მცირე დოზით მოსალოდნელი იყო. თუმცა, ის 14 აგვისტოს, პრეპარატების რეცეპტით გაცემის გამო წამლების გაძვირების, შავი ბაზრის გაჩენისა და კორუფციის რისკებს ვერ ხედავდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები