ფარმაცევტული ბაზარი

სამინისტრო: მაშკევიჩთან სერგეენკოს ოფიციალური, საქმიანი შეხვედრა არ ჰქონია

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრ დავით სერგეენკოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მეგობართან, ბიზნესმენ ალექსანდრ მაშკევიჩთან ოფიციალური საქმიანი შეხვედრა არ ჰქონია. ამის შესახებ ტაბულას სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს და აღნიშნეს, რომ არც მაშკევიჩის ვიზიტის მიზანი არ იციან.

"პირადად დავით სერგეენკოსთან არ მისაუბრია, მაგრამ ვიცი, რომ მინისტრს არანაირი საქმიანი, ოფიციალური შეხვედრა არ ჰქონია... ეს შეხვედრა ვიცით, რესტორან ფაეტონში, მაგრამ ჯანდაცვის მინისტრთან მას პირდაპირი, ოფიციალური, საქმიანი შეხვედრა არ ჰქონია, ამის თქმა შემიძლია ახლა მხოლოდ", - აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.

თბილისში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მეგობარი, ბიზნესმენი ალექსანდრ მაშკევიჩი იმყოფება. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მაშკევიჩი გუშინ საღამოს, რესტორან ფაეტონში შეხვდა ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოსა და ეკონომიკის მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, ასევე ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილსა და დეპუტატ დავით საგანელიძეს. მაშკევიჩმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. რა თემაზე ისაუბრეს გუშინდელი შეხვედრისას, ამის გარკვევას ტაბულას კორესპონდენტი ქუთაისში, დეპუტატ დავით საგანელიძისგანაც შეეცდება.

ცნობილია, რომ ბიზნესმენ ალექსანდრ მაშკევიჩს საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი აინტერესებს. ეს დაადასტურეს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა. კერძოდ, 2013 წლის 9 ოქტომბერს სერგეენკომ თქვა, რომ მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის შექმნის და პირველადი ჯანდაცვის სფეროებში ახალი ინვესტიცია შემოდის, რომელსაც ბიზნესმენი ალექსანდრ მაშკევიჩი განახორციელებს. 

ასევე, 2013 წელს განაცხადა საქართველოს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ "მე უკვე მქონდა მოლაპარაკება ცნობილ ბიზნესმენთან, ჩემს მეგობართან, ჩემი ნაცნობია ძველი. იქნებ ფართო მოხმარების წამლებზე მოვახერხოთ ფასის შემცირება. ძირითადი დასახელება რაც არის, მოვახერხოთ მკვეთრად ფასების დაწევა. რაც კიდევ უფრო გაუიოლებს მოსახლეობას, მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას".

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრ მაშკევიჩი თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელიც არის.

60 წლის ისრაელი მილიარდერი ალექსანდრ მაშკევიჩი ფორბსის სიაში, 2013 წლის მონაცემებით, ისრაელის უმდიდრეს მოქალაქეებს შორის, 1.8 მილიარდი დოლარის კაპიტალით, მე–11 ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. კერძოდ, II ჯგუფის მედიკამენტები რეცეპტით გასაცემ პრეპარატთა ჯგუფში გადავიდა და მათი ყიდვა მომხმარებელს მხოლოდ ექიმის მიერ გაცემული რეცეპტით შეუძლიათ. ასევე, აიკრძალა 18 წელს მიუღწეველ პირზე წამლის გაყიდვა.

რეცეპტის რეფორმიდან რამდენიმე დღეშივე გავრცელდა ინფორმაცია სააფთიაქო ბაზარზე შავი ბაზრის არსებობის შესახებ, კერძოდ, იმაზე, რომ აფთიაქებში სააფთიაქო ექიმი მომხმარებელს ნებისმიერ რეცეპტს აძლევს, რომელიც მხოლოდ ამ კონკრეტულ აფთიაქში მოქმედებს. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 9 სექტემბერს თქვა, რომ რეცეპტის შავი ბაზრის რისკი მცირე დოზით მოსალოდნელი იყო. თუმცა, ის 14 აგვისტოს, პრეპარატების რეცეპტით გაცემის გამო წამლების გაძვირების, შავი ბაზრის გაჩენისა და კორუფციის რისკებს ვერ ხედავდა.

კომენტარები