ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: ებოლას ვირუსით 4 447 ადამიანი გარდაიცვალა

REUTERS

ებოლას ვირუსით ამ დრომდე 4 447 ადამიანი გარდაიცვალა. მათი უდიდესი ნაწილი დასავლეთ აფრიკის სამ ქვეყანაში - სიერა ლეონეში, გვინეასა და ლიბერიაში გარდაიცვალა. ამ მონაცემებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. იმ შემთხვევაში, თუ გადამჭრელი ზომები არ იქნება მიღებული, ორგანიზაცია ახლო მომავალში კვირაში 10 ათასამდე ახალ შემთხვევას ელოდება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ შეერთებულ შტატებში ებოლათი ტეხასის ერთ-ერთი კლინიკის უკვე მეორე თანამშრომელი დაავადდა. ორივე მედიკოსი დაავადებულთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა. ანალოგიურად დაავადდა მედდა ესპანეთში, რომელიც ახლა მკურნალობის კურსს გადის. 

აღსანიშნავია, რომ ებოლას ვირუსი წინა საუკუნის 70-იან წლებში აღმოაჩინეს დასავლეთ აფრიკაში, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ამ ვირუსით დადასტურებულად დაახლოებით 2500 ადამიანი დაავადდა, აქედან დაახლოებით 1800 გარდაიცვალა, მაშინ როდესაც გრიპით წელიწადში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი იღუპება.

კომენტარები