ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპი

გიბრალტარის მწვრთნელი: შესაძლოა შედეგი არ ასახავდეს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა

bbc.com

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩი სტუმრად, გიბრალტართან გამართა. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ნაკრების წინააღმდეგ, ქეცბაიას გუნდმა 0:3 გაიმარჯვა, თუმცა მატჩის შემდეგ ჯვაროსნების მწვრთნელი საკუთარი ფეხბურთელების თამაშით უკმაყოფილო იყო. ქეცბაიას თქმით, ფეხბურთელებს მოტივაცია აკლდათ და მეტოქის კარში მეტი ბურთის გატანა მართებდათ.

ვიზავისგან განსხვავებით, გიბრალტარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ალენ ბულა, საკუთარი მოთამაშეების გარჯით ძალიან კმაყოფილი იყო. პრესკონფერენციაზე ბულამ განაცხადა, რომ გასული ორი მატჩისგან განსხვავებით, გიბრალტარმა უკეთესი თამაში აჩვენა და შესაძლოა, საქართველოსთან მატჩის შედეგი მოედანზე მომხდარ მოვლენებს არ ასახავდეს.

"ჩვენმა მოთამაშეებმა კარგი მატჩი ჩაატარეს. სამი გოლი გავუშვით, მაგრამ გვქონდა შანსებიც. ფეხბურთელებმა წინა ორი თამაშისგან განსხვავებული თამაში აჩვენეს და შესაძლოა შედეგი არ ასახავდეს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა. ნერვიულობა და დაძაბულობა, როგორც ჩანს, გასული მატჩებისგან განსხვავებით გაქრა და წნეხის გარეშე კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. მათ უფრო სიამოვნებდათ, მეტად დამშვიდებულები იყვნენ, მეტი ხასიათი გამოავლინეს და გოლის გატანასთან ახლოს ვიყავით. ამ თამაშმა აჩვენა, რომ თუ ამ მოთამაშეებს გავუგებთ და მხარს დავუჭერთ, რაღაცები უკეთ წავა. დღევანდელმა თამაშმა მოგვცა რწმენა, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიის წინააღმდეგ კარგად თამაშს შევძლებთ", - განაცხადა ალენ ბულამ.

შეგახსენებთ, რომ გიბრალტარის ნაკრებმა, სანამ ქეცბაიას გუნდს შეხვდებოდა, პოლონეთისა და ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშა და ორივე მატჩი ერთი და იმავე ანგარიშით - 7:0 დათმო.

კომენტარები