კანონი საერთო სასამართლოების შესახებ

ვენეციის კომისია: მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა ძირგამომთხრელია

ვენეციის კომისიამ 2014 წლის 10-11 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქში ჩატარებული კომისიის მე-100 საიუბილეო სხდომაზე დამტკიცებული დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც შეეხება ცვლილებებს საქართველოს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში, საქართველოს ორგანულ კანონში "საერთო სასამართლოების შესახებ“ და საქართველოს კანონში "საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“.

ცვლილებებთან დაკავშირებულ დასკვნაში ვენეციის კომისიამ რეკომენდაციები გასცა. კომისიის აზრით, მოსამართლეებისთვის გამოსაცდელი ვადის დანიშვნა მათი დამოუკიდებლობისთვის ძირგამომთხრელია, რადგან მათზე შესაძლოა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ზეწოლა განხორციელდეს. კომისიის წევრები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ამოღებულ უნდა იქნეს, როგორც კანონპროექტიდან, ასევე კონსტიტუციიდან. კომისიის რეკომენდაციით, იმისთვის, რათა შესაბამისი კანდიდატები შეირჩნენ, მოსამართლეებს შეუძლიათ, მუშაობის პროცესში ისინი დაიხმარონ.

დასკვნის მიხედვით, სასამართლოს თავმჯდომარეები საქართველოში ირჩევიან 5 წლის ვადით და მათ აქვთ ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მათი უფლებამოსილება არ შეჩერდება უფრო ადრე. ვენეციის ხელისუფლებას აძლევს რეკომენდაციას, რომ მოქმედმა სასამართლოს თავმჯდომარეებმა შეინარჩუნონ თანამდებობები თავიანთი ვადის ამოწურვამდე და ის დებულებები, რომლებიც სასამართლოს თავმჯდომარეების არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, არამედ თავად მოსამართლეების მიერ არჩევას ითვალისწინებს, ძალაში შევიდეს არა კანონის ამოქმედების, არამედ, მოქმედი თავმჯდომარეების მანდატის ამოწურვის შემდეგ. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ სასამართლო დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების კარგი ადმინისტრირების პრინციპის უზრუნველყოფის მიზნით, წარმოდგენილი კანონპროექტის მე-2 მუხლი ამოღებულ უნდა იქნას და მოქმედმა სასამართლოს თავმჯდომარეებმა შეინარჩუნონ თავიანთი მანდატები მათი ვადის ამოწურვამდე.

კომისია მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს საკმარის გარანტიებს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი დებულებები ცალსახად და გარკვევით უნდა მოიცავდნენ ამ კრიტერიუმებს.

ვენეციის კომისია და დირექტორატი მიესალმება კანონპროექტის ავტორთა განზრახვას, მიაღწიონ გამჭვირვალობას მოსამართლეთა შერჩევაში, რათა განავითარონ სასამართლო სისტემა პროფესიონალური და დამოუკიდებელი ფორმით. "თუმცა, ზოგიერთი გადაწყვეტილება წარმოშობს სერიოზულ პრობლემას, საასამართლო და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში", - წერია დასკვნაში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უკვე გამოეხმაურა ვენეციის კომისიის რეკომენდაციას მოსამართლეთათვის 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის დანიშვნის შესახებ. "ერთ მნიშვნელოვან საკითხში ვენეციის კომისიის კრიტიკა არ იქნა გაზიარებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, რის შესახებაც იუსტიციის მინისტრმა კომისიის სხდომაზე განაცხადა კიდეც. კერძოდ, ყველაზე საკამათოა ვენეციის კომისიის მოსაზრება, რომ უნდა გაუქმდეს მოსამართლეთა სამწლიანი გამოსაცდელი პერიოდი და მოსამართლეები თანამდებობაზე პირდაპირ უვადოდ უნდა გამწესდნენ. საქართველოს პარლამენტმა სულ ახლახან მიიღო ცვლილება კანონში, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოსამართლეების მონაწილეობით შეიმუშავა და რომლის თანახმად, სამწლიანი გამოსაცდელი ვადით ახლად დანიშნული მოსამართლეები დაექვემდებარებიან შეფასებას მკაფიო, ობიექტური და სამართლიანი კრიტერიუმებისა და პროცედურების საფუძველზე, რამაც უნდა უზრუნველყოს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ ისეთი მოსამართლეების გამწესება, რომლებიც თავიანთი კეთილსინდისიერებითა და კომპეტენტურობით ნამდვილად იმსახურებენ მოსამართლის მანტიას. ამას მოითხოვს საქართველოში ჩამოყალიბებული რეალობა და, ასევე, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრი სასამართლოების შესახებ", - წერია უწყების განცხადებაში.

კომენტარები