ხელშეკრულება რუსეთსა და აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას შორის

ალასანია: არ აქვს ღირებულება რას მოაწერს ხელს საქართველოს აუღიარებელი ნაწილი

Irakli Alasania
Tabula

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას შორის ხელშეკრულების კანონპროექტს გადაცემა ქრონიკაში გამოეხმაურა. მისი თქმით, სამართლებრივი ღირებულება არ აქვს, თუ რას მოაწერს ხელს საქართველოს ერთ-ერთი აუღიარებელი ნაწილი რუსეთის ფედერაციასთან. მისივე განმარტებით, ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ იცვლება. არ იზრდება სამხედრო ძალებიც.

"საფრთხე, რომელიც არის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არ გაიზრდება, არამედ რჩება იგივე. აქ სხვა რამეზეა საუბარი, ეს არის დასაწყისი იმ დიდი გეგმის, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ბოლო წლების განმავლობაში, რომ დაიწყოს ანექსიის პროცესი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის. ბუნებრივია, რაღაც ეტაპზე დააყენებენ საკითხს, რომ თუ გინდათ ამ პროცესის შენელება რუსეთის მხიდან მოხდეს, მაშინ უნდა გაკეთდეს არჩევანი - ან საქართველოს დამოუკიდებლობა, დემოკრატიული განვითარება ან რუსეთთან გასაღების ძებნა ამ კონფლიქტების გადაწყვეტის, რომელიც, ბუნებრივია, არასდროს იქნება" - აღნიშნა ალასანიამ.

ალასანიას განმარტებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების გზა დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაზე გადის.

"ეს არის გზა, რომ საქართველოს ძირითადი ნაწილი განვითარდეს, გახდეს ძლიერი, ეკონომიკურად ღონიერი და გახდეს ევროპის და ნატოს ნაწილი. ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ზეწოლა, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა და ჩვენ ერთად მოვახდენთ, იქნება ის, რომ დეოკუპაციის პროცესი დაიწყება. საქართველო უახლოვდება იმ პრინციპულ საკითხს, რომლის ირგვლივაც ყველა უნდა შევიკრიბოთ - პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტი და საზოგადოების ძირითადი ნაწილი, რომ ამ გამოწვევას, რომელიც დღეს გვიდგას წინ, ერთობლივად, ერთსულოვნად, ერთ მუშტად შეკრული შევხვდეთ. მე არ ვსაუბრობ იმ ძალებზე, რომელთა ღირსებაც განისაზღვრება რუსული რუბლით" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

კომენტარები