საერთო სამხედრო დაჯგუფება

ხაჯიმბა აცხადებს, რომ დოკუმენტის ზოგიერთი პირობა მიუღებელია

rferl.org

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ შეთავაზებული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების რიგ მუხლებზე სოხუმს განსხვავებული მოსაზრება აქვს. როგორც ხაჯიმბამ დეპუტატებთან შეხვედრისას თქვა, აფხაზეთს საკუთარი შეიარაღებული ძალების შენარჩუნება სურს, რომლის აღჭურვაში რუსეთის დახმარების იმედი აქვს. 

სოხუმს ასევე სურს, შეინარჩუნოს სამართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელობა, საკუთარი საბაჟო და სასაზღვრო სამსახურები, რის გაუქმებასაც ფაქტობრივად ხელშეკრულების პროექტი ითვალისწინებს. რეჟიმის ლიდერის განცხადებით, ხელშეკრულება მხარეთა თანასწორობის და სუვერენიტეტის პრინციპს უნდა დაეფუძნოს. მისი თქმით, დოკუმენტის განხილვა პარლამენტში უნდა გაგრძელდეს.    

საგანგებო განცხადება რუსეთ-აფხაზეთს ახალი ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა გაავრცელა. მისი განცხადებით, 2008 წელს სამხრეთ კავკასიაში შეუქცევადი პოლიტიკური ცვლილებები მოხდა და რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

"არავის აქვს უფლება, ხელი შეუშალოს რუსეთს და აფხაზეთს, განავითარონ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ახალ ეტაპზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში და მსოფლიოში მზარდი ინტეგრაციული ტენდენციების გათვალისწინებით", - აღნიშნულია განცხადებაში. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ეს პროცესი საქართველო-რუსეთის ურთიერთობის მოწესრიგებას და ჟენევის დისკუსიებს საფრთხეს არ უქმნის.

კომენტარები