ინვესტიციები

საპარტნიორო ფონდის განვითარების ფინანსურ კორპორაციად გადაკეთება აღარ იგეგმება

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე და ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
PrimeTime

"მე თავიდანვე ვიყავი სკეპტიკურად განწყობილი ახალი ინსტიტუტის შექმნის იდეისადმი და ეს არ არის დასამალი. გვქონდა ამაზე ბევრი პოლემიკა. შემდეგ, კიდევ ერთხელ გამოითქვა სავალუტო ფონდის მხრიდან სერიოზული შენიშვნები და ფაქტიურად რაიმე სერიოზული განმასხვავებელი არგუმენტი ახალი ინსტიტუტის შექმნისთვის, მე მგონი, რომ ვერ მოიძებნა", - ასე უპასუხა გიორგი კვირიკაშვილმა ტაბულას კითხვას საპარტნიორო ფონდის სავარაუდო სტრუქტურული ცვლილებების შესახებ. 

შეგახსენებთ, რომ საპარტნიორო ფონდის სტრუქტურული ცვლილება, მისი გადაკეთება ჯერ განვითარების ბანკად, შემდეგ კი განვითარების ფინანსურ კორპორაციად, იგეგმებოდა, თუმცა ამ ეტაპზე დღის წესრიგში აღარ დგას. ამის შესახებ განმარტება რამდენიმე დღის წინ ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემაც გააკეთა.

"ჩვენ [მთავრობის წარმომადგენლებს] გუშინ გვქონდა მსჯელობა განვითარების ფინანსურ კორპორაციასთან და საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებით ეკონომიკურ საბჭოზე. ამ ეტაპზე მიგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი უნდა დარჩეს ისე, როგორც არის - საპარტნიორო ფონდის ბაზაზე", - ასე უპასუხა ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ ტაბულას კითხვას საპარტნიორო ფონდის ნაცვლად განვითარების საფინანსო კორპორაციის შექმნასთან დაკავშირებით. 

"ჩვენ, პირიქით, შეგვიძლია კიდევ უფრო გავაძლიეროთ, იმიტომ რომ ეს ფონდი ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს საქართველოში. ჩვენ უნდა მივცეთ მას შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი საინვესტიციო პროექტები იყოს განხორციელებული", - განმარტა კალაძემ. 

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, ირაკლი კოვზანაძეს, ფონდის რესტრუქტურიზაცია და მისი განვითრების საფინანსო კორპორაციად გადაკეთება არამიზანშეწონილად მიაჩნია. 

"საქართველოში, როდესაც გვაქვს ორმაგი დეფიციტი - ბიუჯეტის დეფიციტი და მიმდინარე ბალანსის დეფიციტი, რომელიც თავის მხრივ სავაჭრო დეფიციტით არის განპირობებული, სახელმწიფო ფონდისათვის რესურსების მოძიება სხვა წყაროებისგან, რომელიც საპარტნიორო ფონდს აქვს, და საბიუჯეტო წყაროებისგან განსხვავებით, არის რთული. რთულია მნიშვნელოვნად განსხვავებული მოდელის მოძებნა იმისაგან, რაც საპარტნიორო ფონდს აქვს. გამომდინარე აქედან, მთავარია, როგორც მე არაერთგზის აღმინიშნავს, შენარჩუნებული იქნეს ის სინვესტიციო ვექტორი, რაც საპარტნიორო ფონდს აქვს", - თქვა კოვზანაძემ. 

აღსანიშნავია, რომ განვითარების ბანკის ჩამოყალიბება თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ინვერვიუში დააანონსა. 

კომენტარები