კრიმინალი

ყაზბეგის ქუჩაზე ორმხრივი სროლის შედეგად პოლიციელი დაჭრეს

18 ოქტომბერს, ყაზბეგის ქუჩა N 28-ში, ორმხრივი სროლის შედეგად დაჭრილები არიან პოლიციელი და მოქალაქე. პოლიციელი  რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცოცხალია თუ არა მოქალაქე, ჯერ ცნობილი არ არის. 

თვითმხილველების თქმით, პატრული ოჯახური ძალადობის აღსაკვეთად გამოიძახეს. მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში ძალადობდა მეუღლეზე, რის გამოც, მისამართზე პატრულის ეკიპაჟი მივიდა. პატრულის ადგილზე გამოცხადების შემდეგ დაიწყო ორმხრივი სროლა, რის შედეგადაც დაიჭრა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი და მოძალადე ქმარი. 

შს მინისტრი ჭიკაიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში
ფოტო: ტაბულა
მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროც ავრცელებს და განმარტავს, რომ ყაზბეგის გამზირის N28-ში ლელა ბეჟანიშვილმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა და მის მეუღლე ბიძინა მურადაშვილსა და შვილს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის შესახებ აცნობა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ადგილზე მისვლისთანავე სადარბაზოში მოქალაქე ბიძინა მურადაშვილის მხრიდან განხორციელდა სროლა. სროლის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიიღო. ბიძინა მურადაშვილის მიერ განხორციელებულ სროლას საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მეწყვილის მიერ საპასუხო გასროლა მოჰყვა. გასროლის შედეგად დაიჭრა მოქალაქე ბიძინა მურადაშვილი.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. ბიძინა მურადაშვილი გადაყვანილია ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძეც, რომელიც კომენტარს არ აკეთებს. 

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის თქმით, მურადაშვილის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ პერსპექტიული. 

კომენტარები