დავით უსუფაშვილის სტატია

მთავრობა: მცდარი ინფორმაციის გასწორების შესახებ მოთხოვნა INYT-გან არ მიგვიღია

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სტატია International New York Times-ის 16 ოქტომბრის გამოცემაში ფასიანი რეკლამის სახით განთავსდა. ტაბულას agenda.ge-ში უთხრეს, რომ International New York Times-სგან გამომცემლობას შეტყობინება ჯერჯერობით არ მიუღია. კანცელარიაში ასევე უარყოფენ ფაქტს, რომ agenda.ge-მ სტატიის გამოქვეყნებაში ფული გადაიხადა და ადასტურებენ, რომ უსუფაშვილის სტატია თავად მიაწოდეს გამომცემლობას. 

INYT-ის International Opinion-ის რედაქტორის საშა პოლაკოვის პასუხი ტაბულას
ფოტო: ტაბულა
International New York Times-ის რედაქტორი, საშა პოლაკოვ-სურანსკი და Thel New York Times Company-ის კორპორატიული კომუნიკაციების დირექტორი ვიკი ტეილორი წერილობით ადასტურებენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სტატია ფასიანი რეკლამაა.

კორპორატიული კომუნიკაციების დირექტორი გვიგზავნის International New York Times-ის ოფიციალურ განცხადებასაც, სადაც საუბარია, რომ კომპანია დაუკავშირდა agenda.ge-ს და სთხოვა გაესწორებინა მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს International New York Times-ში პარლამენტის თავმჯდომარის სტატია გამოქვეყნდა.

განცხადებაში საუბარია, რომ სტატია გამოქვეყნდა როგორც რეკლამა, რეკლამის შესაბამისი ფორმატით - განსხვავებული ფერითა და განსხვავებული ფონტით, ისე როგორც რეკლამის რეგლამენტი მოითხოვს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური ამბობს, რომ New York Times-ისთვის ხაზინიდან ფული არ გადარიცხულა ხოლო agenda.ge საბიუჯეტო ორგანიზაცია არ არის.

INYT-ის კორპორატიული კომუნიკაციების დირექტორის ვიკი ტეილორის პასუხი ტაბულას
ფოტო: ტაბულა
ამ დროს agenda.ge-ზე ვკითხულობთ, რომ გვერდი შექმნილია საქართველოს მთავრობის მიერ. დომეინი agenda.ge საქართველოს მთავრობაზეა რეგისტრირებული. agenda.ge-ს ოფისი მდებარეობს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში. agenda.ge-ს ტელეფონის ნომერი იგივეა, რაც საქართველოს მთავრობის ნომერი. agenda.ge-ს არ გააჩნია დამოუკიდებელი იურიდიული სტატუსი.

პარლამენტის თავმჯდომარის სტატია სათაურით "სააკაშვილს საკუთარი წარსული დევნის და არა პუტინის "თანამზრახველი" ივანიშვილი International New York Times-ის 16 ოქტომბრის ნომერში განთავსდა.

სტატიაში პარლამენტის თავმჯდომარე ხოტბას ასხამს ბიძინა ივანიშვილს და გმობს პოლიტიკურ ოპოზიციას.

კომენტარები