დავით უსუფაშვილის სტატია

უსუფაშვილი: NY times-ს ეცოდინება, თუ ვინმემ რამე გადაიხადა, მე არ გადამიხდია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ნიუ-იორკ თაიმსში გამოქვეყნებული წერილი agenda.ge-ს გადასცა დასაბეჭდად და მისთვის მოულოდნელი იყო, რომ ის ნიუ-იორკ თაიმსში დაიბეჭდა. ტაბულას კითხვაზე, დაიხარჯა თუ არა ფასიანი რეკლამის თანხა ბიუჯეტიდან, უსუფაშვილმა არ უპასუხა და აღნიშნა, რომ ამ წერილში პირადად მას არაფერი გადაუხდია. უსუფაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ იქ დაწერილ ყველა სიტყვაზე პასუხს აგებს.

"მე დავწერე ეს სტატია, გადავეცი agenda.ge-ს და ვთხოვე, რომ გამოექვეყნებინა. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, რომ International New York times-ში დაიბეჭდა. რომელი პრესა დაინტერესდებოდა, მე არ ვიცოდი, New York times-ს ეცოდინება, თუ ვინმემ რამე გადაიხადა. მე არაფერი გადამიხდია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სტატია International New York Times-ის 16 ოქტომბრის გამოცემაში ფასიანი რეკლამის სახით განთავსდა. ტაბულას agenda.ge-ში უთხრეს, რომ International New York Times-სგან გამომცემლობას შეტყობინება ჯერჯერობით არ მიუღია. კანცელარიაში ასევე უარყოფენ ფაქტს, რომ agenda.ge-მ სტატიის გამოქვეყნებაში ფული გადაიხადა და ადასტურებენ, რომ უსუფაშვილის სტატია თავად მიაწოდეს გამომცემლობას.

International New York Times-ის რედაქტორი, საშა პოლაკოვ-სურანსკი და Thel New York Times Company-ის კორპორატიული კომუნიკაციების დირექტორი ვიკი ტეილორი წერილობით ადასტურებენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სტატია ფასიანი რეკლამაა.

კორპორატიული კომუნიკაციების დირექტორი გვიგზავნის International New York Times-ის ოფიციალურ განცხადებასაც, სადაც საუბარია, რომ კომპანია დაუკავშირდა agenda.ge-ს და სთხოვა გაესწორებინა მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს International New York Times-ში პარლამენტის თავმჯდომარის სტატია გამოქვეყნდა.

განცხადებაში საუბარია, რომ სტატია გამოქვეყნდა როგორც რეკლამა, რეკლამის შესაბამისი ფორმატით - განსხვავებული ფერითა და განსხვავებული ფონტით, ისე როგორც რეკლამის რეგლამენტი მოითხოვს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური ამბობს, რომ New York Times-ისთვის ხაზინიდან ფული არ გადარიცხულა ხოლო agenda.ge საბიუჯეტო ორგანიზაცია არ არის.

მინისტრის განცხადების პარალელურად, agenda.ge-ზე ვკითხულობთ, რომ გვერდი შექმნილია საქართველოს მთავრობის მიერ. დომეინი agenda.ge საქართველოს მთავრობაზეა რეგისტრირებული, ორგანიზაციის ოფისიც ასევე საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მდებარეობს და ტელეფონის ნომერიც საქართველოს მთავრობის ნომერს ემთხვევა. agenda.ge-ს არ გააჩნია დამოუკიდებელი იურიდიული სტატუსი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სტატია, სათაურით "სააკაშვილს საკუთარი წარსული დევნის და არა პუტინის "თანამზრახველი" ივანიშვილი International New York Times-ის 16 ოქტომბრის ნომერში განთავსდა. წერილში ნათქვამია, რომ ივანიშვილი არ მოქმედებს პუტინის ინტერესებიდან გამომდინარე და საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნა არ მიმდინარეობს.

კომენტარები