მეჩეთის დემონტაჟი მოხეში

მუსლიმები სოფელ მოხეში ძველი მეჩეთის დემონტაჟს აპროტესტებენ

სოფელი მოხე
9arkhi.files.wordpress.com

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში ადგილობრივი მუსლიმი თემი ძველი მეჩეთის დასაცავად აქციას მართავს, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების დროს აღნიშნულ რელიგიურ ჯგუფს ჩამოერთვა და დღეს ნახევრად დანგრეულია. ტენდერში გამარჯვებული კომპანია შენობის დემონტაჟსა და კულტურის სახლის აღსადგენად სამუშოებს ახორციელებს. 

დღეს, 18 ოქტომბრის დილას, როცა კომპანიას სამუშაოები უნდა დაეწყო, მუსლიმები შენობის გარშემო შეიკრიბნენ, რასაც ადგილობრივ ქრისტიანებთან დაპირისპირება მოჰყვა. მოსახლეები რომლებიც თავს მართლმადიდებელ ეკლესიას მიაკუთვნებენ ამბობენ, რომ შენობის მუსლიმებისთვის გადაცემას არ დაუშვებენ, თავის მხრივ, მუსლიმები რომ მეჩეთის "სისხლის ფასად" დაცვას აპირებენ.

როგორც ჭელის მეჩეთის წინამძღვარი, ჯამბულ აბულაძე მეცხრე არხთან საუბარში აღნიშნავს, ქალაქ ბათუმში, სამცხე–ჯავახეთის მუფთი, მამუკა ვაშაყმაძე სამუფთო სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედნენ და საქმის ვითარება გააცნეს. მისივე მტკიცებით, პრემიერი მათ დახმარება შეპირდა და აღნიშნა, რომ შენობა კვლავ მუსლიმ მრევლს დაუბრუნდებოდა. 

"ერთი დღე გავიდა, რაც პრემიერ მინისტრს შევხვდით და უკვე შენობის დანგრევა დაიწყო. არადა, პრემიერი შეგვპირდა, რომ ამომწურავი პასუხი ორშაბათს, 20 ოქტომბერს გვექნებოდა. ეს არის ადგილობრივი ადამიანების წრეში ხელოვნურად დაძაბული ურთიერთობა. ვიღაცას სურს პროვოკაცია მოახდინოს და შემდეგ ამაში ჩვენ დაგვადანაშულოს" - აცხადებს იმამი ჯამბულ აბულაძე.

როგორც ტაბულა ჯერ კიდევ 2011 წელს წერდა, სოფელ მოხეში სამოციან წლებში მაღალმთიანი აჭარიდან მუსლიმები გადმოსახლდნენ. მოსახლეობის უმრავლესობას ისლამის მიმდევრები წარმოადგენენ. ცენტრში 1940 წელს აგებული მეჩეთი დგას, რომელიც საბჭოთა რეჟიმის მიერ იძულებით გადასახლებული მესხების აშენებულია. შენობას მაშინდელი მთავრობა ხან საწყობად, ხან ბიბლიოთეკად, ხანაც სოფლის კლუბად იყენებდა. დღეს ის ამორტიზირებული და უფუნქციოა. 2008 წელს მუსლიმებმა მისი დანგრევის თავიდან აცილების მიზნით მეჩეთის გარშემო ღობის შემოვლება დაიწყეს. ამან ქრისტიანული მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია.

მაშინ იმამი და დღეს უკვე სამცხე ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე მაშინ ტაბულასთან საუბარში აცხადებდა, რომ „ძირითადად ქალბატონები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, ამ სოფელში მეჩეთი არ გვჭირდებაო, ჩვენც გავჩერდით. არ გვინდოდა სიტუაცია გაგვემწვავებინა”.

ინციდენტის შემდეგ, მოხეელმა მუსლიმებმა მუნიციპალიტეტს მიმართეს, რომელმაც 2008 წლის 25 თებერვალს გამოგზავნა წერილი, სადაც ვკითხულობთ: „გაცნობებთ, რომ აღნიშნული შენობა არის ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრება და მისი შეკეთება მოხდება მუნიციპალიტეტის მიერ”.

მუსლიმებმა სხვადასხვა დროს კვლავ მოითხოვეს მეჩეთის გადაცემა, თუმცა უშედეგოდ. მეჩეთის გარშემო სოფელში დაპირისპირება ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის არაერთხელ მოხდა.

 

კომენტარები