რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება

ბოკერია: პრემიერის განცხადება საქართველოს ინტერესებისთვის კატასტროფულია

გიგა ბოკერია
tabula.ge

ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა კურიერში პრემიერმინისტრის მხრიდან აფხაზეთის კონტექსტში ტერმინ "თვითგამორკვევის" გამოყენების შესახებ კომენტარი გააკეთა. 

"ეს არის კატასტროფული განცხადება, საქართველოს ინტერესებისთვის, იმიტომ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, მიუხედავად პირველ რიგში რუსეთის ფედერაციის  მცდელობისა და უკვე შემდგომ მათი მარიონეტების მცდელობისა, თვითგამორკვევის ასპექტი ვერ მოხვდა საერთაშორისო დოკუმენტებში. ვერსად, როცა საუბარი იყო აფხაზეთის პრობლემატიკაზე საქართველოს ფარგლებს შიგნით. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს ეს პრობლემა აქვს, მოხერხდა და ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებით თვითგამორკვევის საკითხი ფიგურირებს, როგორც ერთ-ერთი საყრედნი საკითხი.

აღარაფერს ვამბობ ისეთ მაგალითებზე როგორიც არის კოსოვო, სადაც სწორედ ამ მოტივზე დაყრდნობით და რა თქმა უნდა, ეთნიკურ წმენდაზე დაყრდნობით, რომელიც კოსოვოს წინააღმდეგ განხორციელდა, ეს ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილისთვის გახდა დამოუკიდებელი. ამიტომ თვითგამორკვევა არის ერთ-ერთი ლეგიტიმური საკითხი, როგორც შექმნილა სახელმწიფოები ახლო წარსულში, მათ შორის იმპერიების რღვევისა, მაგრამ არა მარტო იმპერიების რღვევისას, სხვა გარემოებებშიც კი.

და, რა თქმა უნდა, ჩვენი ეფექტური არგუმენტი მთელი ამ წლების განმავლობაში (და ჩვენში მე არ ვგულისხმობ ყოფილ ხელისუფლებას ან რომელიმე ხელისუფლების წარმომადგენელს, მე ვგულისხმობ საქართველოს დიპლომატიასა და პოლიტიკური ხელმძღვანელობას) იყო ის, რომ. რა თქმა უნდა. თვითგამორკვევის მოტივით გამართლება სეპარატიზმის, ძალადობისა და უცხო ქვეყნის შემოჭრის, არის დაუშვებელი, იმიტომ, რომ ეს იქნებოდა ძალადობრისა და არასტაბილურობის წახალისება მთელ მსოფლიოში.

და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მთავარი არგუმენტი იყო, რომ თვითგამორკვევა ეთნიკური წმენდით დაუშვებელია. ანუ თვითვერკვევით ყველანი, ახლა, ვინც რაღაც ტერიტორიაზე ვცხოვრობთ და ვინც არ გვეთანხმება ყველას მოვკლავთ, ან გავყრით აქედან, როგორც ეს მოხდა აფხაზეთში. ამ ლეგიტიმური არგუმენტებით მოხერხდა, რომ ეს პოსტულატი არ ფიგურირებდა ამ დისკუსიაში საერთოდ საერთაშორისო ასპარეზზე. დღეს ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო, ამ ხელისუფლებისგანაც კი, ივანიშვილის უაღრესად არაკომპეტენტური გუნდისგანაც კი, რომ პრემიერმინისტრი, ასეთ ფონზეც კი, როცა რუსეთი იწყებს უკვე აფხაზეთის ფორმალურ ანექსიას, ფაქტობრივი აქამდეც განხორციელებული ჰქონდა, გამოდის ამ პოსტულატით" - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით პრემიერმინისტრის განცხადება მეტყველებს იმაზე, თუ "რამხელა გაუგებრობაშია ის გუნდი, და ის ხელმძღვანელი და ის ხალხი, ვინც შეარჩია ოლიგარქმა ივანიშვილმა, როცა საქმე ეხება ქვეყნისთვის ფუნდამენტურ ინტერესებს და თვითონ სთავაზობენ იმ დისკურსს, იმ ტერმინოლოგიასა და იმ პოსტულატებს, იმ „არგუმენტებსა" თუ კვაზიარგუმენტებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არის გამოყენებული. ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა ასეთი საქციელის, მაგრამ ეს გახლავთ ალბათ ყველაზე უფრო თვალნათელი და მჭახე, რომ ჩვენი ხელისუფლება თვითონ გაიაზრებს და თვითონ ხედავს ამ პრობლემას, რომელიც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციასა და ეთნიკურ წმენდაში მდგომარეობს, ისე, როგორც ეს აწყობს ჩვენ მტერს" - აცხადებს ბოკერია.

ბოკერიამ მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებებიც შეაფასა, რომ რუსეთ-აფხაზეთს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციის მიზნით ღონისძიებების გეგმა უნდა შემუშავდეს.

"პირველი კითხვა, რაც ჩნდება, არის ის, თუ აქამდე ამას რატომ არ აკეთებდნენ. საჭირო იყო, რომ ფორმალური ანექსია დაწყებულიყო აფხაზეთის და მერე პრემიერმინისტრს, რაღაც სრული სისულელე ეთქვა და უკვე უმრავლესობაშიც ვიღაცები დაფიქრებულიყვნენ და ეთქვათ, რომ ეს კარასინი-აბაშიძის დიალოგი ხომ არ არის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოყენებული, რაღაც ყალბი ნორმალურობის განცდის შემქმნელი ფაქტორი და ამის მერე დასჭირდათ და აქამდე არ უნდა ექნათ? არ ვიცი ეს ტერმინი - "აგრესიული" სწორია თუ არა, მაგრამ, აქტიური.

მთელი პრობლემა ხომ ამაში მდგომარეობს, რომ ეს გუნდი, ივანიშვილის გუნდი, მოვიდა დეკლარირებული კონცეფციით, რომ საქართველო უნდა გაქრეს, როგორც დაპირისპირების საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის, მე ციტირებას ვახდენ მათი პროგრამიდან და იქიდან, რასაც ისინი ლაპარაკობენ და ამის შემდეგ ჩვენ ვხედავდით არაკომპეტენტურად, პოლიტიკური შიზოფრენიის ნიშნებით ამის განხორციელებას ნაბიჯნაბიჯ და სამწუხაროდ პირველი შედეგები ამის არსებითად უკვე არის. მაგალითად, ცოტა ხნის წინ შედგა შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანს, ჯონ კერის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს შორის და საქართველოს საკითხი საერთოდ აღარ არსებობს დღის წესრიგში" - განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები