დაკავება პრემიერის სახლთან

ადვოკატის ინფორმაციით დაკავებულ დემონსტრანტებს დილამდე არ გაათავისუფლებენ

აქცია პრემიერის სახლთან
tzona.org

ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის ინფორმაციით, პრემიერის სახლთან დაკავებულ რამდენიმე აქტივისტსა და ტაბულას ფოტორეპორტიორ ალექსანდრე გიორგაძეს ხვალ დილამდე არ გაათავისუფლებენ. ისინი ღამეს დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გაატარებენ, სადაც ისინი ამ წუთებში გადაჰყავთ. ტაბულას ფოტორეპორტიორის ადვოკატ ოთარ კახიძის ინფორმაციით, სასამართლოზე წარმოდგენილი იქნება ვიდეომასალა, რომელიც პირის ბრალეულობის დასადგენად იქნება გამოყენებული.

ხვალ დილითვე გადაწყდება, როდის დაინიშნება დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესი.

19 ოქტომბრის საღამოს, პრემიერ ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან, მოსაშვილის 10-ში, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები აქციას მართავდნენ ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის ტაბულას ფოტორეპორტიორი ალექსანდრე გიორგაძე დააკავა.

დემონსტრანტების ცნობით, პოლიციამ აქციაზე პროვოკატორები შეგზავნა, რომლებიც მათი მისამართით იგინებოდნენ. დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც პოლიციამ რამდენიმე პირი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები დღეს პრემიერის სახლთან, ღარიბაშვილის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლას აპროტესტებდნენ. მათ ამავე შინაარსის ტრანსფარანტები ეჭირათ. 

დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.

კომენტარები