დაკავება პრემიერის სახლთან

შსს: ტაბულას ფოტოგრაფი წვრილმანი ხულიგნობის და დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გუშინ, საქართველოს პრემიერმინისტრის საცხოვრებელ სახლთან, "საპროტესტო აქცია საქართველოს კანონის, შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ მე-5 მუხლის მოთხოვნათა (ტრანსპორტის სავალი გზის შეფერხების დაუშვებლობა) უხეში დარღვევით მიმდინარეობდა". შსს-ს განცხადებით, ადგილზე მყოფმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, მათ მიერ "არაერთხელ გადაკეტილი სავალი გზის გახსნისა" და კანონის დაცვისაკენ.

"პოლიციელების კანონიერ მოწოდებას აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ, გახდნენ აგრესიულნი და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ როგორც პოლიციელებს, ასევე გამვლელ პირებს. წვრილმანი ხულიგნობის ფაქტის აღკვეთის დროს აქციის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციელებს, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით დააკავეს ხუთი მონაწილე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აქციის მონაწილეთა შორის მყოფმა დაკავებულმა ტელეარხ ტაბულას ჟურნალისტმა ალექსანდრე გიორგაძემ (რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს) საპატრულო პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ხელის შეშლის მიზნით ამოაცალა რადიოგადამცემი. რაც შეეხება ადვოკატ რომეო საჯაიას, იგი დააკავეს ამავე კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა). გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა ჩადენილი ძალადობით) დაკავებულია აქციის ერთ-ერთი მონაწილე ლევან კვარაცხელია", - აცხადებს შსს.

19 ოქტომბრის საღამოს, პრემიერ ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან, მოსაშვილის 10-ში, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები აქციას მართავდნენ ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის, ტაბულას ფოტორეპორტიორი ალექსანდრე გიორგაძე დააკავა.

დემონსტრანტების ცნობით, პოლიციამ აქციაზე პროვოკატორები შეგზავნა, რომლებიც მათი მისამართით იგინებოდნენ. დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც პოლიციამ რამდენიმე პირი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები პრემიერის სახლთან, ღარიბაშვილის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლას აპროტესტებდნენ. მათ ამავე შინაარსის ტრანსპარანტები ეჭირათ. 

დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.

კომენტარები