სანდრო გირგვლიანის საქმე

გირგვლიანის საქმეზე განაჩენს მოსამართლე დღეს, 12.00 საათზე გამოაცხადებს

სანდრო გირგვლიანის საქმეზე განაჩენს მოსამართლე დავით მგელიაშვილი დღეს, 12:00 საათზე გამოაცხადებს. გირგვლიანის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლომ 10 ოქტომბერს დაასრულა. მოსამართლემ განაჩენის გამოცხადების თარიღად 20 ოქტომბერი განსაზღვრა.

როგორც წინა პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. პროკურორის თქმით, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ჩვენებების გარდა, საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულების ბრალეულობას ეჭვქვეშ დააყენებდა. თავის მხრივ, დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ მოსამართლე ბრალდებულების მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. 

გირგვლიანის საქმეზე ამ ეტაპზე ბრალდებულები არიან შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი გერონტი ალანია და ოქროყანის ეპიზოდზე ბრალდებული ვალერიან მეტრეველი. ალანია იძებნება, მერაბიშვილი და მეტრეველი კი პატიმრობაში არიან და საკუთარი გადაწყვეტილებით საქმის განხილვებში არ მონაწილეობდნენ. ამ საქმეზე ასევე ბრალდებულები არიან დათა ახალაია და ოლეგ მელნიკოვი, თუმცა მელნიკოვს აღიარებითი ჩვენების შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, დათა ახალაიას საქმე კი მისი საბერძნეთიდან ექსტრადირების საკითხის გადაწყვეტამდე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. 

კომენტარები