დაკავება პრემიერის სახლთან

კახიძე: ფოტოგრაფის დაკავების ოქმში რადიოგადამცემის ამოცლაზე არაფერი წერია

ოთარ კახიძე
facebook

ადვოკატ ოთო კახიძის ინფორმაციით, ტაბულას ფოტოგრაფის ალექსანდრე გიორგაძის დაკავების ოქმში არაფერი წერია ფოტოგრაფის მიერ პოლიციელისთვის რადიოგადამცემის ამოცლის შესახებ. ადვოკატი დაკავების ოქმს გუშინ ღამე გაეცნო.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "ალექსანდრე გიორგაძემ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ხელის შეშლის მიზნით ამოაცალა რადიოგადამცემი". გიორგაძე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული.

19 ოქტომბრის საღამოს, პრემიერ ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან, მოსაშვილის 10-ში, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები აქციას მართავდნენ, ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის, ტაბულას ფოტორეპორტიორი ალექსანდრე გიორგაძე დააკავა.

დემონსტრანტების ცნობით, პოლიციამ აქციაზე პროვოკატორები შეგზავნა, რომლებიც მათი მისამართით იგინებოდნენ. დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც პოლიციამ რამდენიმე პირი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები პრემიერის სახლთან, ღარიბაშვილის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლას აპროტესტებდნენ. მათ ამავე შინაარსის ტრანსპარანტები ეჭირათ. 

დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.

კომენტარები