პუტინთან შეხვედრა

მაჭავარიანი: მთავრობამ არ მოინდომა მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა და ის ჩაიშალა

telegraph.ge

საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ვანო მაჭავარიანის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მზადდებოდა. როგორც კვირის პალიტრასთან ინტერვიუში მაჭავარიანი ამბობს, საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრა იმის გამო ჩაიშალა, რომ ეს შეხვედრა საქართველოს მთავრობამ არ მოინდომა.

"ჩვენ ამ მიმართულებით ნამდვილად ვმუშაობდით, ოღონდ არა ისე, რომ ეს ყოფილიყო შეხვედრა შეხვედრისთვის. ეს უნდა ყოფილიყო საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. ამაზე ვესაუბრეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების პრეზიდენტებსა და პოლიტიკოსებს. მათ შორის - შეერთებულ შტატებს. მაშინ შეხვედრა არ მოხერხდა, რადგან მთავრობამ არ მოინდომა მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა და ის ჩაიშალა. სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. დღეს კი სხვა ვითარებაა, მდგომარეობა გართულდა და უმაღლეს დონეზე შეხვედრის ორგანიზება ძნელია. თუმცა, თუ პარტნიორი ქვეყნები ჩაერთვებიან, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა შეიძლება. ეს აუცილებელიცაა, რადგან რუსეთმა სოხუმთან ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულების გაფორმება გადაწყვიტა", - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.  

ცნობისთვის, 10 თებერვალს, სოჭში, ჟურნალისტებმა ვლადიმირ პუტინს ჰკითხეს, შეხვდება თუ არა საქართველოს პრეზიდენტს. მან უპასუხა - "თუ მოისურვებს, რატომაც არა".

გიორგი მარგველაშვილმა მაშინ თქვა, რომ ვლადიმირ პუტინის რეპლიკას ზედმიწევნით და სერიოზულად გააანალიზებს. მარგველაშვილის განცხადებით, ნებისმიერ ასეთ მესიჯს, რომელიც მოდის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისგან, დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს.

ამასთან, 8 ოქტომბერს, პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თენგიზ ფხალაძემ მაესტროს 9-იანში განაცხადა, რომ "საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის საკითხი ჯერ მომწიფებული არ არის". მან გიორგი მარგველაშვილის Forbes Georgia-სთვის მიცემული ინტერვიუ შეაფასა, სადაც პრეზიდენტი რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს მისთვის საინტერესო ადამიანს უწოდებს. ფხალაძის განმარტებით, ზოგადად, ქვეყნის პირველი პირი ნებისმიერი შეხვედრისთვის მზად არის, რომელიც ქვეყანას წაადგება.

კომენტარები