დაკავება პრემიერის სახლთან

პრემიერი გუშინდელ აქციაზე: არ დავუშვებთ მსგავსი ტიპის დესტრუქციულ ქმედებებს

ტაბულა

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ მის სახლთან გამართული აქცია პროვოკაციად და დესტრუქციულ ქმედებად შეაფასა. მისი განცხადებით, "ძალიან სამწუხაროა მსგავსი რამ. ასეთი ფაქტები ყოვლად დასაგმობი და მიუღებელია ჩვენს საზოგადოებაში". პრემიერის თქმით, "ჩვენ ვართ სახელმწიფო და სახელმწიფო არ დაუშვებს მსგავსი ტიპის პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებს".

"ეს არის დედაქალაქი - თბილისი, სადაც არ უნდა იყოს, სოფელსა თუ რაიონში, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მოქალაქეების გამომწვევმა და დესტრუქციულმა გარკვეულმა ჯგუფმა შექმნან არეულობა და ქაოსი. როდესაც პოლიციელზე აღმართავს ხელს პროვოკატორი, დესტრუქციული ძალის მქონე ვიღაც პიროვნება, ეს არის ყოვლად დასჯადი", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ის მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს და პროკურატურას, "მაქსიმალურად გააკონტროლონ ამ ადამიანების პროვოკაციული ქმედება და ვინც არ უნდა იყოს იგი, ქართული ოცნების წარმომადგენელი თუ რომელიმე სხვა პარტიული კუთვნილებით, ამას მნიშვნელობა არ აქვს". პრემიერის თქმით, "ეს არის სახელმწიფო, მოქმედებს ძალიან მკაცრი კანონები და ყველა უნდა დაემორჩილოს ამ კანონებს. ჩვენ დღეს გვაქვს რეალური დემოკრატია. რაც არ უნდა ილაპარაკონ ჩვენმა ე.წ ოპონენტებმა, რეალობა ყველამ კარგად ვიცით. დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, კანონის ფარგლებში, ნებისმიერი სახით გამოხატოს თავისი აზრი“.

19 ოქტომბრის საღამოს, პრემიერ ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან, მოსაშვილის 10-ში, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები აქციას მართავდნენ ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის, ტაბულას ფოტორეპორტიორი ალექსანდრე გიორგაძე დააკავა.

დემონსტრანტების ცნობით, პოლიციამ აქციაზე პროვოკატორები შეგზავნა, რომლებიც მათი მისამართით იგინებოდნენ. დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც პოლიციამ რამდენიმე პირი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები პრემიერის სახლთან, ღარიბაშვილის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლას აპროტესტებდნენ. მათ ამავე შინაარსის ტრანსპარანტები ეჭირათ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტაბულას ფოტოგრაფი ალექსანდრე გიორგაძე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ამასთან, შსს-ს მტკიცებით, გიორგაძემ პოლიციის თანამშრომელს რადიოგადამცემი ამოაცალა. ადვოკატ ოთო კახიძის განცხადებით კი, ამის შესახებ არაფერი წერია დაკავების ოქმში.

შსს-ს ინფორმაციითვე, ხუთი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, ხოლო ერთი - ლევან კვარაცხელია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობას ჩადენილს ძალადობით.

კომენტარები