დაკავება პრემიერის სახლთან

კვაჭანტირაძე ფოტოგრაფის დაკავებაზე: დაინტერესება და რეაგირება უნდა მოხდეს

facebook.com/Zviad Kvachantiradze

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად კვაჭანტირაძის შეფასებით, "საზოგადოებას სჭირდება აბსოლუტურად კონსოლიდაცია და დაწყნარება". დეპუტატმა პრემიერის სახლთან გუშინ გამართული აქციის მონაწილეების დაკავება შეაფასა. მისი თქმით, "რა თქმა უნდა, ყველა დაკავების წინააღმდეგი ვიქნები, თუ არ არის სახეზე სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი". ამასთან, კვაჭანტირაძის შეფასებით, საზოგადოების გარკვეული წრეები, მიუხედავად იმისა, რა მოტივაცია აქვთ მათ, არ უნდა ცდილობდნენ ტემპერატურის აწევას საზოგადოებაში.

ტაბულას კითხვაზე, გამოძიება უნდა დაინტერესდეს თუ არა ფოტოგრაფ ალექსანდრე გიორგაძისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის ფაქტით, კვაჭანტირაძე პასუხობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დაინტერესება და რეაგირება უნდა მოხდეს.

"მე არ ვიცი, ალბათ, ნებისმიერ შემთხვევაში დაინტერესდებიან სამართალდამცავი ორგანოები. ყურისმოკვრით ვიცი ეს ინფორმაცია და მეტ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, დაინტერესება და რეაგირება უნდა მოხდეს", - ამბობს კვაჭანტირაძე.

19 ოქტომბრის საღამოს, პრემიერ ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან, მოსაშვილის 10-ში, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები აქციას მართავდნენ ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის, ტაბულას ფოტორეპორტიორი ალექსანდრე გიორგაძე დააკავეს. დემონსტრანტების ცნობით, პოლიციამ აქციაზე პროვოკატორები შეგზავნა, რომლებიც მათი მისამართით იგინებოდნენ. დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც პოლიციამ რამდენიმე პირი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტაბულას ფოტოგრაფი ალექსანდრე გიორგაძე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ამასთან, შსს-ს მტკიცებით, გიორგაძემ პოლიციის თანამშრომელს რადიოგადამცემი ამოაცალა. ადვოკატ ოთო კახიძის განცხადებით კი, ამის შესახებ არაფერი წერია დაკავების ოქმში.

შსს-ს ინფორმაციითვე, ხუთი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, ხოლო ერთი - ლევან კვარაცხელია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობას ჩადენილს ძალადობით.

კომენტარები