აგრარული სექტორი

პრემიერი: ჩვენი მიზანია იმპორტის ჩანაცვლება და ექსპორტის განვითარება

Irakli Garibashvili Official

მთავრობის მიზანია იმპორტის ადგილობრივი, მაღალი დონის პროდუქციით ჩანაცვლება და ექსპორტის განვითარება, - აღნიშნა პრემიერმა მიკრო და მცირე საწარმოების განვითარებისთვის სახელმწიფო პროგრამის წარდგენისას. პროგრამის მიზანია განავითაროს მცირე და მიკრო მეწარმეობა სოფლად და ამისათვის სახელმწიფო 20 მილიონ ლარს გამოყოფს. 

სამთავრობო პროგრამა მოქმედებას 1-ლი ნოემბრიდან დაიწყებს. პირველი 4 თვე შერჩეული კანდიდატების ტრენინგებს დაეთმობა, რომლის შემდგომაც შეირჩევა კონკურენტუნარიანი ბიზნესგეგმა და დაფინანსდება პროექტი. 

„აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი რამის წარმოება შეგვიძლია ადგილზე. მთავრობამ ბიზნესსექტორს წარუდგინა ადგილობრივი წარმოების განვითარების პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. ჩვენ უნიკალური შანსი მივეცით კერძო სექტორს, რომ განვითარდეს. გამოვიტანეთ 100 საწარმო, რომელიც არა მხოლოდ დაკეტილი იყო და წლების განმავლობაში ყურადღებას არავინ აქცევდა, არამედ ბიზნესს მივეცით უნიკალური საშუალება, რომ სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ნებისმიერი ქონება, მიიღონ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად; მიიღონ სახელმწიფოსგან 30%-იანი გარანტია იმისთვის, რომ ბანკიდან აიღონ სესხი, რომლის მხოლოდ 1-2%-ის გადახდა უწევთ ორი წლის განმავლობაში და 10%-ს სახელმწიფო უხდის“, - განაცხადა პრემიერმა.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ არსებულ რეალობაში მსაგვსი ტიპის პროგრამა ოპტიმალურია იმისათვის, რომ წაახალისოს ბიზნესსექტორი. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო ურბანიზაციის ტენდენციის ზრდისკენ იქნება მიმართული. 

პროექტებს მენტორობას გაუწევს მეწარმეობის სააგენტო, ხოლო პროექტების შერჩევაში ჩართული იქნება სპეციალური კომისია, რომელიც ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ქეთი ბოჭორიშვილის თქმით, უახლოეს მომავალში შეიქმნება. პროგრამა იქნება სამთავრობო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" დამატებითი კომპონენტი. 

კომენტარები