ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერი მედიას: საზოგადოება ძალიან დაძაბულია თქვენ გამო

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიას მოუწოდა, მთავრობა მაქსიმალურად გააკონტროლოს. როგორც ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, "დღეს საზოგადოება არის ძალიან დაძაბული თქვენ გამო". პრემიერის თქმით, კითხვა, "რას აკეთებს მთავრობა", ხშირად სპეკულაციის საგანია, რომ მოსახლეობას გაუჩნდეს განცდა, თითქოს მთავრობა არაფერს აკეთებს.

„მე მესმის, რომ თქვენ არ გაინტერესებთ ეს თემები. მე მესმის, რომ თქვენ ყოველთვის სკანდალებით და რაღაც აურზაურით ხართ დაკავებული და ასეთი თემები უფრო საინტერესოა თქვენთვის, მაგრამ მე მინდა გთხოვოთ ყველას, რომ მაქსიმალურად იყოთ ჩართულები. მინდა, მოგმართოთ მედიას, მაქსიმალურად გაგვაკონტროლეთ ჩვენ. გააკონტროლეთ, რას აკეთებს მთავრობა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობა პროექტის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს. პროექტი მცირე ბიზნესის ხელშეწყობას გულისხმობს. როგორც ცნობილია, მთავრობის ახალი ინიციატივისათვის 20 მილიონ ლარამდე თანხა გამოიყოფა და ის 5 ათასამდე მოქალაქეზე განაწილდება. სწორედ ამ პროექტის პრეზენტაციის შემდეგ მოსთხოვა პრემიერმა ჟურნალისტებს ხელისუფლების კონტროლი.

კომენტარები