დაკავება პრემიერის სახლთან

პრემიერის სახლთან დაკავებული 7 პირიდან 6 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

აქცია პრემიერის სახლთან
tzona.org

პრემიერმინისტრის სახლთან გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებული შვიდი პირიდან ექვსი სასამართლო დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს,  მათი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა 22 ოქტომბრისთვის გადაიდო. ერთ-ერთი დაკავებულის, ლევან კვარაცხელიას საქმე კი გადაკვალიფიცირდა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მისთვის აღკვეთის ღონოძიების შეფარდების საკითხი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.

გათავისუფლების შემდეგ კომენტარი ბაჩო ახალაიას ადვოკატმა რომეო საჯაიამ გააკეთა. მისი თქმით, დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

"ეს დაკავება იყო პოლიტიკურად მოტივირებული მხოლოდ იმის გამო, რომ ვარ ბაჩო და დათა ახალაიების ადვოკატი. კანონის დარღვევას ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია და ბუნებაში არ არსებობს მსგავსი რამ. ეს პოლიცია კი არა, მილიციაა, რომელიც გამოხატვის თავისუფლების გამო აკავებს ადამიანებს" - განაცხადა რომეო საჯაიამ. 

დაკავებულთა შორის იყო ტაბულას ფოტორეპორტიორიც, რომელმაც გათავისუფლების შემდეგ წარდგენილი ბრალი უარყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანრე გიორგაძემ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით  რადიოგადამცემი ამოაცალა. თუმცა, დაკავებულის ადვოკატის ოთო კახიძის ცნობით, რადიოგადამცემის ამოცლის თაობაზე დაკავების ოქმში არაფერი წერია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებასა და დაკავების ოქმს შორის შეუსაბამობის თაობაზე ტაბულა უწყებას ვერ დაუკავშირდა.  

შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბრის საღამოს, პრემიერ ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან, მოსაშვილის 10-ში, ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები ღარიბაშვილის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლას აპროტესტებდნენ. მათ ამავე შინაარსის ტრანსფარანტები ეჭირათ.

დემონსტრანტების ცნობით, პოლიციამ აქციაზე პროვოკატორები შეგზავნა, რომლებიც მათი მისამართით იგინებოდნენ. დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც პოლიციამ რამდენიმე პირი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.

კომენტარები