რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი რუსეთს ინტერნეტის გათიშვისკენ მოუწოდებს

რამზან კადიროვი
sport.gentside.com

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა რუსეთს ინტერნეტის გათიშვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ინტერნეტი ახალგაზრდობის სწორ აღზრდას უშლის ხელს.

"ადრე უფრო იოლად ვცხოვრობდით, როდესაც ადამიანი ქადაგებას კითხულობდა. ახლა ყველგან ინტერნეტია და ახალგაზრდობას ქადაგების მოსმენა ინტერნეტიდან შეუძლია. იყო დრო, როდესაც ვოცნებობდი, რომ ჩვენს რესპუბლიკაში ინტერნეტი ამუშავებულიყო, მაგრამ ახლა იმის მომხრე ვარ, რომ ინტერნეტი გათიშონ" - განაცხადა ინტერფაქსთან ინტერვიუში ჩეჩნეთის ლიდერმა. 

კადიროვი აანალიზებს, რომ ინტერნეტის გათიშვას შესაძლოა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური პრობლემები მოჰყვეს, თუმცა მისივე განმარტებით გათიშვა მაინც უკეთესია, რადგან "ერთმანეთს მაინც აღარ დავხოცავთ".

"ყველა სახლში არის ინტერნეტი. ნებისმიერს შეუძლია რომელიღაც ვაჰაბიტის ქადაგების ინტერნეტით მოსმენა. ჩემს სახლშიც კი ჩემი შვილიც შეიძლება გადააწყდეს რაიმე ქადაგებას. ამიტომაც მუშაობენ ჩვენი იმამები, მათ შორის სოციალურ ქსელშიც" - აღნიშნა კადიროვმა.

კადიროვის თქმით, ისლამური სახელმწიფო ასრულებს ევროპისა და დასავლეთის დავალებებს და მიზანმიმართულად ხოცავს მუსლიმებს. მან ასევე პირობა დადო, რომ ის, ვინც ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან ისლამური სახელმწიფოს დროშის ქვეშ იბრძოლებს, უკან ვეღარასდროს დაბრუნდება. "ჩვენ მას გავანადგურებთ, სადაც არ უნდა იყოს" - განაცხადა ჩეჩნეთის ლიდერმა.

კომენტარები