NATO-რუსეთის ურთიერთობა

პეტრიაშვილი: NATO-რუსეთის თავსებადობაზე იმერლიშვილის პოზიციას არ ვეთანხმები

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭოს მდივანს ირინე იმერლიშვილს არ ეთანხმება იმაში, რომ NATO და რუსეთი თავსებადია. ამის შესახებ პეტრიაშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში თქვა.

კითხვაზე, "გენერალ ირინე იმერლიშვილის განცხადებით, რუსეთი და NATO თავსებადია, რუსეთმა თუ იცის, რომ NATO მასთან თავსებადია ან NATO-მ? თქვენ ეთანხმებით უშიშროების საბჭოს მდივანს"?, სახელმწიფო მინისტრი პასუხობს, რომ "უპრიანი იქნება, ქალბატონ ირინეს დაუსვათ უშუალოდ ეს შეკითხვა. მე შემიძლია მოგახსენოთ, რომ ძალიან დიდი ხანია, ვამტკიცებდი და მოხარული ვარ იმ დასკვნის მოსმენით, თუმცა, მხოლოდ დაკვნა არ არის საკმარისი, რომ რეალურად, რუსეთი დანახულ იქნა, როგორც საფრთხე დემოკრატიული თანამეგობრობისთვის და ეს გაკეთდა ისეთი მაღალი თანამდებობიდან, როგორიც არის NATO-ს წინა გენერლური მდივანი, მოქმედი გენერალური მდივანი და ცალკეული უმაღლესი დონის პირები დემოკრატიულ თანამეგობრობაში".

კითხვაზე, "ანუ თქვენ, ალექსი პეტრიაშვილი არ მიიჩნევთ, რომ NATO და რუსეთი, ყოველ შემთხვევაში ახლა და უახლოეს მომავალში თავსებადი ამოცანებია საქართველოსთვის?", სახელმწიფო მინისტრი პასუხობს, რომ "თუ გინდათ თქვენ ამ დასკვნით თქვათ, რომ რიგითი პეტრიაშვილის და გენერალ იმერლიშვილის პოზიციები ამ შემთხვევაში განსხვავდება, კი ბატონო, თუ მაქეთკენ მიგყავთ. მე შემიძლია გითხრათ, რომ არ ვიცი, რა კონტექსტში ახსენა ქალბატონმა ირინამ ეს ფრაზა, ამდენად, უფრო სიღრმისეულ მსჯელობაში ამ საკითხზე ვერ შემოვალ. თუმცა, მე ჩემს პოზიციას ვადასტურებ ნამდვილად,  რომ რუსეთი არამხოლოდ NATO-სთან, არამედ საერთაშორისო დემოკრატიულ თანამეგობრობასთან ვერანაირად თავსებადი ვერ იქნება, იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში, ის რაღაცა შუასაუკუნეობრივი პოლიტიკის გატარებით ცდილობს, ერთი კაცის შოუ დადგას ნამდვილად და დაამტკიცოს, რომ ამ სიბრტყეში არის ყველაზე ძლიერი და მას ეკუთვნის ერთპიროვნულად, ექსკლუზიურად მმართველობა, რასაც ვერ მიიღებს".

ცნობისთვის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა გაზეთ ვერსიას კითხვას, ფიქრობთ, რომ რუსეთი და NATO თავსებადია?, უპასუხა, რომ "დიახ, ჩემი აზრით, თავსებადია. რუსეთთან ურთიერთობა, თუნდაც სავაჭრო და კულტურული თვალსაზრისით, უკვე დაიძრა. იმედი მაქვს, ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება".

კომენტარები