ქალთა მიმართ ძალადობა

ნანუაშვილი: ქალთა ძალადობის წინააღმდეგ არაეფექტური პოლიტიკა უნდა შეიცვალოს

news.ge

სახალხო დამცველი პარლამენტის თავმჯდომარეს ქალთა მიმართ ძალადობისა და მკვლელობების საკითხებზე არსებული არაეფექტური პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებს.

უჩა ნანუაშვილმა დავით უსუფაშვილს ქვეყანაშ ქალთა მიმართ ძალადობის საშიში ტენდენციებთან დაკავშირებით ზოგადი რეკომენდაციებით მიმართა.

„საქართველოს პარლამენტმა გამოიყენოს, საპარლამენტო დემოკრატიული კონტროლის მექანიზმი და უახლოეს მომავალში მოიწვიოს საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრები პრობლემების მოგვარების კონკრეტული და პრაქტიკული ნაბიჯების თაობაზე ანგარიშის მოსასმენად. ქალთა მიმართ ძალადობა ქვეყანაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება. უკანასკნელ 6 თვეში 20 ქალზე მეტის მკვლელობა მოხდა რომელსაც საფუძლად სწორედ გენდერული უთანასწორობა ედო.“ - განაცხადა ნანუაშილმა.

ნანუაშილის თქმით ქვეყანაში მთავარ პრობლემას კანონმდებლობის აღუსრულებლობა წარმოადგენს.

„ჩვენ გვესმის არგუმენტი, რომ რთულია ოჯახში ძალადობის იდენტიფიცირება, რადგან იგი ჩაკეტილ სოციალურ წრეში ხდება. თუმცა ქალთა მიმართ ძალადობა დიდი ხანია გაცდა ამ სივრცეს. საზოგადოების გულგრილ დამოკიდებულებასთან ერთად მთავარ გამოწვევას დაცვისა და დახმარების ღონისძიებების არაადეკვატური გამოყენება წარმოადგენს. არ ხდება იმ მექანიზმების გამოყენება, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული. ქალების თხოვნა დაცვის შესახებ სამართალდამცველების მხრიდან უგუველყოფილი ხდება“ - განაცხადა ნანუაშილმა.

სახალხო დამცველის თქმით სამართალდამცველები არაეფექტურად მუშაობენ და არასწორი პრაქტიკაა დამკვიდრებული.

„საქმეების უმეტესობაში სამართალდამცველების მიერ მოძალადეების გაფრთხილება ხელწერილით ხდებოდა, მსგავს ფორმას კი საერთოდ არ ითვალისწინებს ძალადობისგან თავდაცვის არსებული სამართლებრივი მექანიზმები და ის მხოლოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ნაწილია, რომელიც არაფექტურია. გვაქვს ფაქტები, როდესაც დაზარალებულმა სამართალდამცველებს შესაბამისი ღონისძიებების გატარებისა და თავდაცვისთვის ორჯერ ან მეტჯერ მიმართა. თუმცა პოლიცია მხოლოდ გაფრთხილებით და ხელწერილით შემოიფარგლა.“ - განაცხადა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა მთავრობას შექმნილიყო ქალთა მიმართ ძალადობის საგანგებო სტრატეგია. თუმცა ნანუაშვილის თქმით ქმედითი ნაბიჯები სამწუხაროდ არ გადადგმულა.

„ჩემს ხელთ არსებული სამართლებლივი რეაგირების შესაძლებლობები ქალთა სიცოცხლის დასაცავად ამოწურულია, მოგმართავთ თხოვნით განსაკუთრებული მსჯელობის საგნად აქციოთ ქალთა მიმართ ძალადობის საშიში ტენდენციების განხილვა.“ - განაცხადა ნანუაშილმა.

სახალხო დამცველის თქმით ძალიან მნიშვნელოვანია ხალხმა გაიგოს ხელისუფლებისგან თუ სად დაუშვეს მათ შეცდომები და სწორედ ეს უნდა გახდეს პარლამენტის მსჯელობის საგანი.  

კომენტარები