დაკავება პრემიერის სახლთან

კოჟორიძე: ფოტორეპორტიორის საქმიანობისთვის ხელშეშლაზე გამოძიება უნდა დაიწყოს

Medianews

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის შეფასებით, ტაბულას ფოტორეპორტიორისთვის ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს. ამის შესახებ კოჟორიძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში თქვა. კოჟორიძის განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, როდესაც დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, პროკურატურა ვალდებულია, გამოძიება დაიწყოს. მისი თქმით, არსებობენ თვითმხილველები, რომლებიც საუბრობენ იმაზე, რომ ტაბულას ფოტორეპორტიორს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეეშალა, ასევე აცხადებენ, რომ საგანგებოდ შემოშვებულმა პროვოკატორებმა გამოიწვიეს შეხლა-შემოხლა. იურისტის შეფასებითვე, გაუგებარია შსს-ს ვერსია, რომ ტაბულას ფოტოგრაფმა პოლიციელს რაცია ამოაცალა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, "რადგან არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომ ფოტორეპორტიორის საქმიანობას ხელი შეეშალა, ვალდებულია თუ არა პროკურატურა, რომ ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყოს"?, კოჟორიძე პასუხობს, რომ "კი, ეს წერია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში". მისი თქმით, სპეციალური მიმართვა არ არის საჭირო იმისთვის, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს.

"მითუმეტეს, აქ საუბრობენ აქციაზე მყოფი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ "ჩვენ ვართ თვითმხილველები". აქ წარმოიშობა ვალდებულება. აქ მიმართვაც არ არის საჭირო, რომ ტაბულამ ან ვინმემ მიმართოს პროკურატურას წერილობით, პირდაპირ წერია კანონში, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ასეთი ინფორმაციის გავრცელება გამოძიების დაწყების ვალდებულებას წარმოადგენს" - აცხადებს საიას თავმჯდომარე და აღნიშნავს, რომ გაუგებარია, რა მიზნით უნდა ართმევდეს ჟურნალისტი პოლიციელს რაციას.

"გონიერი ადამიანი მიზანს ვერ ახსნის, რატომ შეიძლება ამ სიტუაციაში ჟურნალისტი, რომელიც ასრულებს პროფესიულ მოვალეობას, ართმევდეს რაციას პოლიციელს. რაცია არის კომუნიკაციის საშუალება, რისი წართმევაც შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმისთვის, რომ აღკვეთოს კომუნიკაცია. კომუნიკაციის აღკვეთა ვერ მოხდებოდა, რადგან სხვა პოლიციელებიც იყვნენ. შესაბამისად, სამართალდამცველისთვის რაციის წართმევას ლეგიტიმური მიზანი არ ექნებოდა" - აცხადებს კოჟორიძე.

შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბრის საღამოს, პრემიერ ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან, მოსაშვილის 10-ში, ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები ღარიბაშვილის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლას აპროტესტებდნენ. დემონსტრანტების ცნობით, პოლიციამ აქციაზე პროვოკატორები შეგზავნა, რომლებიც მათი მისამართით იგინებოდნენ. დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც პოლიციამ რამდენიმე პირი, მათ შორის ტაბულას ფოტორეპორტიორი ალექსანდრე გიორგაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავების ოქმში წერია, რომ გიორგაძე იგინებოდა და ქუჩის გადაკეტვას ცდილობდა. შსს-მ კი, მეორე დღეს გაავრცელა განცხადება, რომ ფოტოგრაფმა პოლიციელს რაცია ამოაცალა. შსს-ს ვერსია დაკავების ოქმებში არ ყოფილა.

პრემიერმინისტრის სახლთან გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებული შვიდი პირიდან ექვსი სასამართლო დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს,  მათი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა 22 ოქტომბრისთვის გადაიდო. ერთ-ერთი დაკავებულის, ლევან კვარაცხელიას საქმე კი გადაკვალიფიცირდა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

კომენტარები