აქცია პრემიერის სახლთან

არასამთავრობოები შეკრების უფლებაში სახელმწიფოს უხეშ ჩარევას გმობენ

არასამთავრობო ორგანიზაციები 19 ოქტომბერს, პრემიერმინისტრის სახლთან შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელებაში სახელმწიფოს უხეშ ჩარევასა და ტაბულას ფოტორეპორტიორის დაკავების ფაქტს გმობენ და მიიჩნევენ, რომ მსგავსი პრაქტიკა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას. განცხადებას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა და მედიის განვითარების ფონდი ავრცელებენ.

განცხადებაში წერია, რომ პრემიერის სახლთან დაპირისპირება მესამე პირების გამოჩენას მოჰყვა, რომელთაც შეურაცხყოფა მიაყენეს აქციის მონაწილეებს.

"სახელმწიფოს ვალდებულებაა, მიიღოს ყველა სათანადო ზომა, რათა არ დაუშვას შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელებაში უკანონო ჩარევა როგორც საკუთარი ორგანოების, ისე კერძო პირთა მხრიდან. მიუხედავად ამისა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ არანაირი ზომები არ იქნა მიღებული აქციის მონაწილეთა მისამართით გამოვლენილი შეურაცხყოფის ფაქტების აღსაკვეთად, ხოლო საპასუხო რეაქციის შემდეგ მათ მხოლოდ აქციის მონაწილეები დააკავეს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა ჟურნალ „ტაბულას" ფოტოკორესპოდენტი დააკავეს, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა", - წერია განცხადებაში.

19 ოქტომბრის საღამოს, პრემიერ ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან, მოსაშვილის 10-ში, ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები ღარიბაშვილის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლას აპროტესტებდნენ. მათ ამავე შინაარსის ტრანსპარანტები ეჭირათ.

დემონსტრანტების ცნობით, პოლიციამ აქციაზე პროვოკატორები შეგზავნა, რომლებიც მათი მისამართით იგინებოდნენ. დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც პოლიციამ რამდენიმე პირი, მათ შორის, ტაბულას ფოტორეპორტიორი, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. 7 დაკავებულიდან 6 სასამართლომ გუშინ ხელწერილით გაათავისუფლა. ერთ-ერთი დაკავებულის ლევან კვარაცხელიას საქმე კი ადმინისტრაციულიდან სისხლის სამართლის საქმედ გადაკვალიფიცირდა.

კომენტარები