საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერის და სამთავრობო დელეგაციის ნიუ იორკში ვიზიტში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ამის შესახებ ნადირაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ 34-კაციანი დელეგაციიდან, მას ხელთ მხოლოდ 16 ადამიანის სამივლინებო ხარჯი აქვს. დეპუტატის თქმით, სწორედ 16 ადამიანის ნიუ იორკში ვიზიტი დაჯდა 562 965 ლარი.
"პრემიერის ბრძანებით, გაერო-ში გასამგზავრებელი დელეგაცია განისაზღვრა 34 წევრით. ჩვენ ხელთ გვაქვს 16 ადამიანის სამივლინებო ხარჯი - გაწეული მთავრობის კანცელარიის ბიუჯეტიდან. სულ ეს თანხა არის 562 965 ლარი. სასტუმროში გადახდილია 175 651, მგზავრობა დაჯდა 100 243 ლარი, ტრანსპროტით მომსახურება - 147 375 ლარი. ასევე ბიუჯეტიდან არის გადახდილი სასტუმროს დამატებითი ხარჯები - 25 694 ლარი (მინიბარის, სასმელის და სადილის მომსახურება). პრემიერმა და მისმა მეუღლემ ბილეთში მიუნხენი-ნიუ იორკი-მიუნხენი გადაიხადეს თითომ 20 000 ლარი. ეს არ იყო ბიზნესკლასი, რომელიც თავისთავად ძალიან კომფორტულია, ეს არ იყო პირველი კლასი, რომელიც ბიზნესკლასზე უფრო კომფორტულია, ეს იყო პირველი კლასის პრემიუმ ბილეთი", - აცხადებს ნადირაშვილი.