დავით უსუფაშვილის სტატია

ბარამიძე: ხელისუფლება ქვეყნის ინტერესების ნაცვლად, პარტიულ ინტერესებს იცავს

pirveliradio.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ბარამიძის შეფასებით, ხელისუფლება ქვეყნის ინტერესების ნაცვლად, პარტიულ ინტერესებს იცავს. დეპუტატი International New York Times-ში პარლამენტის თავმჯდომარის წერილის გამოქვეყნების ხარჯებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თანხის გარდა, შემაშფოთებელია სტატიის შინაარსიც.

„ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ინტერესები დავიცვათ და საქართველო ვაქოთ, ეს მთავრობა აქებს ივანიშვილს და ეს ხდება იმ მთავრობის პირობებში, რომელიც ბოკერიას ედავება, რომ ფულს უხდიდა ლობისტებს, რომლებიც საქართველოს დეოკუპაციაზე მუშაობდნენ, ლობირებდნენ საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ინტერესებს. ამ ვითარებაში ეს მთავრობა სახელმწიფოს და ხალხის ფულს ხარჯავს მლიქვნელობაზე", - განაცხადა ბარამიძემ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წერილში, რომელიც International New York Times-ში გამოქვეყნდა, დაახლოებით, 75 000 ევროა გადახდილი. TI-ს განცხადებით, მნიშვნელოვანია, საზოგადოება ინფორმირებული იყოს, თუ ვინ გადაიხადა 75 000 ევრომდე agenda.ge-ს დაკვეთით გამოქვეყნებულ რეკლამაში: სახელმწიფომ, პოლიტიკურმა პარტიამ, კერძო ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა. ორგანიზაციის შეფასებით, ჩნდება ლეგიტიმური შეკითხვები, ხომ არ ჰქონდა ადგილი ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივ გამოყენებას. 

"მასალასთან დაკავშირებით ჩვენ გაზეთ International New York Times-ს მივმართეთ და გავარკვიეთ, რომ დავით უსუფაშვილის სტატია გამოცემა agenda.ge-მ International New York Times-ის პარიზის ოფისს დაუკვეთა სექციაში მსოფლიო ამბები (World News), სადაც სრულ გვერდზე რეკლამის განთავსების ღირებულება დაახლოებით 75 000 ევროს შეადგენს. ამასთან, გაზეთის წარმომადგენელმა დაგვიდასტურა, რომ უსუფაშვილის წერილი სრულ გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც International New York Times-ის წარმომადგენელმა განგვიცხადა, გაზეთმა მიმართა agenda.ge-ს თხოვნით, გაესწორებინათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დავით უსუფაშვილის სტატია რეკლამაა, თუმცა ამ მოთხოვნაზე მათ პასუხი ჯერ არ მიუღიათ", - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო და აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსების მიერ საერთაშორისო მედიაში გავრცელებული მასალა რეკლამა აღმოჩნდა.

"2011 წელს ჩვენ გამოვეხმაურეთ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას პარლამენტში, სადაც მან აღნიშნა, რომ Financial Times-მა დაწერა სტატია საქართველოზე, რომელიც საქართველოს კორუფციასთან მებრძოლ ნომერ პირველ ქვეყანად აცხადებდა. ჩვენ მიერ მოკვლეული ინფორმაციის თანახმად კი, გამოქვეყნებული მასალა რეკლამას წარმოადგენდა. ვინაიდან ეს სტატია მთავრობასთან პირდაპირ დაკავშირებულმა ვებგვერდმა agenda.ge-მ შეუკვეთა, ჩნდება ლეგიტიმური შეკითხვები, ხომ არ ჰქონდა ადგილი ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივ გამოყენებას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გავგზავნეთ წერილები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე მთავრობის კანცელარიაში და იმავე მისამართზე მდებარე agenda.ge-სთან", - აცხადებს TI.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის სტატია, სათაურით "სააკაშვილს საკუთარი წარსული დევნის და არა პუტინის "თანამზრახველი" ივანიშვილი" International New York Times-ის 16 ოქტომბრის ნომერში განთავსდა. წერილში ნათქვამია, რომ ივანიშვილი არ მოქმედებს პუტინის ინტერესებიდან გამომდინარე და საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნა არ მიმდინარეობს. ამასთან, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სტატია International New York Times-ში ფასიანი რეკლამის სახით განთავსდა. ტაბულას agenda.ge-ში უთხრეს, რომ International New York Times-ისგან გამომცემლობას შეტყობინება ჯერჯერობით არ მიუღია. კანცელარიაში ასევე უარყოფენ ფაქტს, რომ agenda.ge-მ სტატიის გამოქვეყნებაში ფული გადაიხადა და ადასტურებენ, რომ უსუფაშვილის სტატია თავად მიაწოდეს გამომცემლობას. თავად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, წერილი agenda.ge-ს გადასცა დასაბეჭდად და მისთვის მოულოდნელი იყო, რომ ის New York Times-ში დაიბეჭდა. უსუფაშვილის განმარტებით, სტატიისათვის ფული არც მას გადაუხდია. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებითაც, ხაზინიდან New York Times-ისთვის ფული არ გადარიცხულა. ამასთან, International New York Times-ის რედაქტორი და New York Times Company-ის კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორი წერილობით ადასტურებენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სტატია ფასიანი რეკლამაა. 

კომენტარები