დავით უსუფაშვილის სტატია

უსუფაშვილი: ჩემი სტატიის დაბეჭდვაში ბიუჯეტს არცერთი კაპიკი არ გადაუხდია

0 კომენტარი
ფოტო: Jamestown.org

"არც მე, არც საქართველოს პარლამენტს, არც საქართველოს ბიუჯეტს არცერთი კაპიკი ამ საქმეში არ გადაუხდია. არც გვერდის ყიდვაში და არც რაიმე სადმე გადაგზავნაში", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე TI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც უსუფაშვილის სტატიის გამოქვეყნება International New York Times-ში 75 ათასი ევრო დაჯდა. უსუფაშვილის თქმით, სტატია დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწერა.

"მაშინ, როდესაც განსაკუთრებით რთულდება ჩვენი მდგომარეობა რუსეთთან მიმართებაში და ვხედავთ, რომ არის სერიოზული ხიფათი, ამ დროს, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვერ ვიჯდები აქ, ჩემს ოთახში და მშვიდად ვერ ვუყურებ იმას, როგორ ავრცელებენ დეზინფორმაციას საქართველოს ცალკეული პოლიტიკოსები იმის შესახებ, თითქოს რუსეთს უკვე ანექსირებული აქვს საქართველო; რომ რუსეთის და პუტინის მარიონეტები სხედან საქართველოს ხელისუფლებაში. ეს არის საკუთარი ქვეყნის და სახელმწიფოს წინააღმდეგ ყველაზე უფრო სერიოზული არასწორი ქმედება, რაც შეიძლება ჩაიდინოს პოლიტიკოსმა, მაგრამ ვინაიდან საკუთარი, წარსულში ჩადენილი ქმედებების გასამართლებლად ძალიან ბევრი ყოფილი თანამდებობის პირი აგრძელებს იმ მითის გავრცელებას მსოფლიოში, რომ ივანიშვილი ან კოალიცია ქართული ოცნება არის პუტინის მართული პიროვნება ან პოლიტიკური ძალა, დიახ, მე გადავწყვიტე, რომ სწორედ საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა ფაქტები და შეფასებები თავად გააკეთონ", - აცხადებს უსუფაშვილი და აღნიშნავს, რომ "ამან ძალიან სერიოზული შედეგი გამოიღო". მისი შეფასებით, ძალიან ბევრი ადამიანი ჩაუფიქრდა ამ მოვლენებს, რაც ქვეყნისთვის არის ძალიან კარგი.

 "რაც შეეხება თავად სტატიის გამოქვეყნებას, მე ეს სტატია დავწერე და მსურდა მისი გამოქვეყნება. რამდენიმე ევროპულმა გაზეთმა შემომთავაზა მისი დაახლოებით ერთი მეოთხედის დაბეჭდვა, ვინაიდან სრულად ის ვერ დაიბეჭდებიდა. ამასობაში მითხრეს, რომ არსებობს ქართული გვერდი agenda.ge, რომელიც ინგლისურ ენაზე აქვეყნებს და აქვს კონტაქტები სხვადახვა საერთაშორისო მედიასაშუალებებთან, რომლებიც ასევე გადაბეჭდავენ ამ სტატიას. შესაბამისად, მე ეს სტატია ინგლისურ ენაზე გადავეცი agenda.ge-ს და მივეცი პირობა, რომ სანამ ინგლისურ ენაზე თავად არ გამოაქვეყნებდნენ, მე არ გავავრცელებდი ამ სტატიის ორიგინალს ქართულ ენაზე. ეს არის ის, რაც ვიცი მე. ისევე როგორ თქვენ, მეც ვნახე, რომ იგი დაიბეჭდა საერთაშორისო New York Times-ში. მოხარული ვარ, რომ ის დაიბეჭდა. როგორ დაიბეჭდა, ვინ დაბეჭდა, მე არ ვიცი. ვიცი ის, რომ არც მე, არც საქართველოს პარლამენტს, არც საქართველოს ბიუჯეტს არცერთი კაპიკი ამ საქმეში არ გადაუხდია. არც გვერდის ყიდვაში და არც რაიმეს სადმე გადაგზავნაში. და ახლავე მივმართავ ყველას - თუ ვინმე თვლის, რომ საქართველოს სჭირდება სიმართლის გავრცელება მსოფლიოში ამ თემაზე და გადაწყვეტს რომელიმე სხვა გაზეთში გადაბეჭდოს, მე არ მაქვს პრობლემა; თუ ვინმე თვლის, რომ გადაიხდის თავის თანხას იმისთვის, რომ ის კიდევ უფრო მეტად გავრცელდეს, კიდევ უფრო მეტად გაავრცელონ. იმიტომ რომ რაც აქ წერია, არის სიმართლე და ამის გატანა და მიტანა საერთაშორისო საზოგადოებამდე არის მნიშვნელოვანი ამოცანა. ეს არის ყველაფერი. მე არ ვიცი, საერთოდ რამე არის გადახდილი თუ არა. მე გითხარით ის, რაც ვიცი. მე ის ვიცი, რასაც მე ვაკეთებ", - აცხადებს უსუფაშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის სტატია, სათაურით "სააკაშვილს საკუთარი წარსული დევნის და არა პუტინის "თანამზრახველი" ივანიშვილი" International New York Times-ის 16 ოქტომბრის ნომერში განთავსდა. წერილში ნათქვამია, რომ ივანიშვილი არ მოქმედებს პუტინის ინტერესებიდან გამომდინარე და საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნა არ მიმდინარეობს. ამასთან, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სტატია International New York Times-ში ფასიანი რეკლამის სახით განთავსდა. ტაბულას agenda.ge-ში უთხრეს, რომ International New York Times-ისგან გამომცემლობას შეტყობინება ჯერჯერობით არ მიუღია. კანცელარიაში ასევე უარყოფენ ფაქტს, რომ agenda.ge-მ სტატიის გამოქვეყნებაში ფული გადაიხადა და ადასტურებენ, რომ უსუფაშვილის სტატია თავად მიაწოდეს გამომცემლობას.

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებითაც, ხაზინიდან New York Times-ისთვის ფული არ გადარიცხულა. ამასთან, International New York Times-ის რედაქტორი და New York Times Company-ის კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორი წერილობით ადასტურებენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სტატია ფასიანი რეკლამაა. TI-ს ცნობით კი,  უსუფაშვილის სტატიის გამოქვეყნება International New York Times-ში 75 ათასი ევრო დაჯდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები