ოჯახური ძალადობა

პარლამენტსა და მთავრობის კანცელარიაში ოჯახურ ძალადობაზე იმსჯელებენ

Shutterstock

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დღეს ოჯახური ძალადობის თემაზე იმსჯელებენ. კანონმდებლები ბოლო პერიოდში ოჯახური ძალადობის მიზეზებს გააანალიზებენ და პრევენციული ღონისძიების გზებს დასახავენ. კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით დაიგეგმოს სამომავლო ღონისძიებები მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად.

"ვფიქრობ, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, პარლამენტის როლი და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა ამ პროცესში არის აუცილებელი, მათ შორის, ექსპერტებთან და სპეციალისტებთან, რომ გავაანალიზოთ შექმნილი ვითარება და ამ ანალიზზე დაყრდნობით დაიგეგმოს სწორი ღონისძიებები, რათა თავიდან ავირიდოთ მორიგი მსხვერპლი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

სხდომას იუსტიციის მინისტრი და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სახალხო დამცველი და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები დაესწრებიან. პარლამენტში მივლენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც არსებული კანონმდებლობის დახვეწაზე საუბრობენ.

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილ ადამიანთა უფლებების კომიტეტის სხდომაზე ეპატიჟება. განცხადება ამის შესახებ მანანა კობახიძემ იმ წერილის პასუხად გააკეთა, რომელიც მას საპარლამენტო უმცირესობამ გუშინ გაუგზავნა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე პასუხების გასაცემად პარლამენტში ჭიკაიძის დაბარებაზეა საუბარი. კობახიძის თქმით, მას წერილი ამ დრომდე არ მიუღია, თუმცა მას შემდეგ რაც მოთხოვნა მიუვა, პარლამენტი ამ თემაზე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. 

დღესვე, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, ძალადობაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე, უწყებათაშორისი ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება. მისსავე დაქვემდებარებაში იქნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც არიან იუსტიციის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულების, ეკონომიკის, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები. კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. ასევე შემუშავდა ძალადობის პრევენციის საერთო ეროვნული სტრატეგია, რომლის სამუშაო ვარიანტის პრეზენტაციაც უახლოეს დღეებში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი კომისია ძალადობის მსხვერპლს სტატუსსა და თავშესაფარს ანიჭებს. კომისიის აღდგენის მოთხოვნა გუშინ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე სახალხო დამცველმა დააყენა. ბრიფინგიდან რამდენიმე საათში კი, პრემიერის პრესსპიკერმა კომისიის მუშაობის განახლების შესახებ განცხადება გააკეთა. 

კომენტარები