დაკავება პრემიერის სახლთან

პრემიერის სახლთან დაკავებულების პროცესზე ორი დამსწრე დააკავეს

საქალაქო სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან გამართული აქციისას დაკავებული პირების პროცესზე ინციდენტი მოხდა. 
როგორც ტაბულას რეპორტიორი იუწყება, დარბაზში მყოფ ერთ-ერთ მოქალაქეს მოსამართლემ რამდენჯერმე მოუწოდა, ხმაურით ხელი არ შეეშალა სხდომის მიმდინარეობისთვის, რის შემდეგაც, დარბაზის დატოვება მოსთხოვა. დამსწრე არ დაემორჩილა მოსამართლის მოწოდებას, რის გამოც იგი სასამართლო დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ახალგაზრდა ქალსა და მანდატურის სამსახურს შორის დაპირისპირება სასამართლო დარბაზის გარეთაც გაგრძელდა, რაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ქალბატონი და მისი თანმხლები მამაკაცი დააკავეს. ინეტრპრესნიუსის ცნობით, ძალის გამოყენებით გაყვანისას ახალგაზრდა ქალს ხელი დაუშავდა. 

რაც შეეხება თავად საქმეს - პროცესზე ახლა მოწმეებს კითხავენ, რის შემდეგაც ბრალდებისა და დაცვის მხარეები ვიდეო მტკიცებულებებს წარმოადგენენ. გადაწყვეტილებას კი სასამართლო ხვალ გამოაცხადებს. ის 6 ადამიანი, რომელთა საქმეც ახლა განიხილება, 2 დღის წინ სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, ხოლო მეშვიდე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ტაბულას ფოტორეპორტიორი, პრემიერის სახლთან ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი აქციის დროს 19 ოქტომბრის საღამოს დააკავეს. 

კომენტარები