ახალი ტექნოლოგიები

ფილმის Back to the Future 2 პროტოტიპით Hendo-მ საჰაერო სკეიტბორდი შექმნა

საჰაერო სკეიტბორდი იგივე Hoverboard
Gizmodo

კომპანია Hendo-მ პირველი საჰაერო სკეიტბორდი შექმნა. ახალი ტიპის სკეიტბორდი ჰაერში მაგნიტური ბალიშების დახმარებით ჩერდება. კომპანიამ უკვე რამდენიმე ათეული მფრინავი სკეიტბორდი გააკეთა. მისი მართვა სპეციალური პულტის მეშვეობითაც არის შესაძლებელი. 

Hendo ინოვაციური იდეების განვითარების ელექტრონულ სივრცე Kickstarter-ზე არის რეგისტრირებული, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს ტექნოლოგიის გამოწერის საშუალება აქვთ. კომპანიამ Kickstarter-ზე უკვე $216 ათასი შეაგროვა. 

კომპანია პროდუქციას ჯერჯერობით დეველოპერებისთვის აწარმოებს, უახლოეს პერიოდში კი ის ფართო ბაზარს წარედგინება.

საჰაერო სკეიტბორდი საკმაოდ ბევრ ენერგიას მოიხმარს, ბატარეა დაახლოებით 10-15 წუთს ძლებს, ხოლო მის დატენვას ორ საათზე მეტი ესაჭიროება. საჰაერო სკეიტბორდი მაგნიტურ ბალიშებზე მუშაობს. მათ მხოლოდ 2,5 სანტიმეტრის სიმაღლეზე შეუძლია სკეიტბორდის აწევა. ამასთან ერთად, სკეიტბორდს მუშაობისთვის მეტალის ზედაპირი ესაჭიროება. 

საჰაერო სკეიტბორდი ფილმ Back to the Future 2-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფუტურისტული სიმბოლოა. Hendo-ს დამფუძნებელმა გრეგ ჰენდერსონმა მფრინავი სკეიტბორდის იდეა სწორედ ამ ფილმიდან აიღო.

კომპანიას საჰაერო სკეიტბორდისათვის სპეციალური მეტალის ზედაპირის მქონე სკეიტპარკის გაკეთებაც სურს.

მაგნიტური ბალიშების ტექნოლოგიაზე მატარებელი SCMaglev-იც მუშაობს, რომლის სიჩქარეც 581 კმ/სთ-ს აღწევს. 

კომენტარები