საბიუჯეტო სახსრები

მინისტრისთვის ბიუჯეტის სახსრებით შეძენილი მობილური ტელეფონი 1739 ლარი დაჯდა

სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთვის ბიუჯეტიდან შეძენილ Iphone 6-ზე უწყება განმარტებას აკეთებს. მათი განცხადებით, მინისტრისთვის 1739 ლარიანი მობილური 15 ოქტომბერს შეიძინეს, მას შემდეგ, რაც ოთარ დანელიას Iphone 5 გაუფუჭდა. მობილური ტელეფონის შეძენა კი, აიფონ+-სთან გამარტივებული შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით მოხდა.  სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რუსთავი 2-თან სატელეფონა საუბრისას განაცხადა, რომ ასეთი შესყიდვები კანონიერია და მობილური ტელეფონი სახელმწიფო საკუთრებაშია, უბრალოდ, ის ოთარ დანელიას ეკუთვნის მანამ, სანამ ის მინისტრია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ზვიად კვაჭანტირაძემ და თინა ხიდაშელმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბიუჯეტის სახსრებით Iphone 6-ის შეძენა გააკრიტიკეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი სულხან სალაძე კი მიიჩნევს, რომ  აუცილებელია, სამინისტრომ დაასაბუთოს, რატომ შეიძინეს მაინცდამაინც  Iphone 6 და არა სხვა უფრო დაბალი ღირებულების ტელეფონი.

კომენტარები