ბაჩო ახალაიას საქმე

მინაშვილი: ბუგიანიშვილი ამ განაჩენით კრიმინალური სამყაროს თანამოზიარე გახდა

რადიო "თავისუფლება"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი მინაშვილის შეფასებით, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი დღევანდელი გადაწყვეტილებით კრიმინალური სამყაროს გულშემატკივარი გახდა. მინაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მან ბუგიანიშვილს შეურაცხმყოფელი SMS გაუგზავნა და შესაბამისი მოკლე ტექსტური შეტყობინებაც გაასაჯაროვა.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს საპასუხოდ გთავაზობთ ჩემ გზავნილს "მოსამართლე" ბესიკ ბუგიანიშვილის მიმართ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აშკარად უკანონო განაჩენის შემდეგ: "ვისაც გინდა, ანახე ეს გზავნილი - მარტივად გეტყვი და საჯაროდაც ვეტყვი, ყველას მონა ხარ!" - წერია მინაშვილის მიერ გასაჯაროებულ SMS-ში. დეპუტატის შეფასებით, მოსამართლემ ყველაზე კარგად იცის, "რომ ამ განაჩენით კრიმინალური სამყაროს თანამოზიარე და გულშემატკივარი გახდა". მან შეახსენა ბესიკ ბუგიანიშვილს, "რომ ძირითადმა მოწმეების განცხადებით, პატივს სცემდნენ ქურდულ სამყაროს!".

ამასთან, დეპუტატი თბილისის საქალაქო სასამართლოს ურჩევს, ოპერატიული და ეფექტური რეაგირება გააკეთოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს ვურჩევდი ოპერატიული და ეფექტური რეაგირება გაეკეთებინა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე და მუქარაზე ბატონი ბესიკის მიმართ და ბოლოს შეგახსენებთ, "არა არს დაფარული, რაიცა არ გაცხადდეს", - ნათქვამია მინაშვილის განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს შეურაცხმყოფელი მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა. სასამართლოს ცნობით, მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ბაჩანა ახალაიას და სხვათა მიმართ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა, ბესიკ ბუგიანიშვილმა მინაშვილისგან მობილურ ტელეფონზე შეურაცხმყოფელი შეტყობინება მიიღო. 

"თბილისის საქალაქო სასამართლო გმობს და სასამართლოს დისკრედიტაციად აფასებს მომხდარ ფაქტს. პარლამენტის წევრი ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელსაც მოეთხოვება სამაგალითო ქცევა და სასამართლოს გადაწყვეტილების პატივისცემა. სასამართლოსთვის კრიტიკა მისაღებია მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოში და შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების გზით", - ნათქვამია განცხადებაში. 

სასამართლო ხელისუფლება მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მოსამართლის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი განცხადებებისაგან, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედება. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ბესიკ ბუნიაგიშვილის გადაწყვეტილებით, ბაჩო ახალაიას 7 წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კომენტარები